მედიის ცნობით, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე კენჭისყრას აჭიანურებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის კენჭისყრას აჭიანურებს, – ამის შესახებ Semafor-ი ორ მაღალი რანგის „დემოკრატ“ სენატორზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ეხება სენატორების, რიჩარდ ბლუმენტალისა და ლინდსი გრემის მიერ მომზადებულ ინიციატივას, რომელიც ჟენევაში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების განახლების ფონზე მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას გულისხმობს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების შემდეგ კიევში გამოსვლისას ბლუმენტალმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ამჟამინდელი სანქციები, სავარაუდოდ, უკვე ახდენს გავლენას რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე, თუმცა, მისი აზრით, საჭიროა დამატებითი ზეწოლა. სენატორმა დასძინა, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი ადრე დაჰპირდა, რომ კანონპროექტს კენჭისყრაზე კონგრესის მიმდინარე სესიის დასრულებამდე დააყენებდა.
თუმცა, კანონმდებელი აფასებს, რომ ინიციატივის შემდგომი პროგრესი დიდწილად თეთრი სახლის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ მწვანე შუქს ველოდებით, მაგრამ ის [აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი] იმდენად ყოყმანობს, რომ ნებისმიერ დამკვირვებელს თავბრუს დაახვევს“, – ციტირებს მას Semafor-ი.
სენატორ შელდონ უაითჰაუსის თქმით, ადმინისტრაცია უკვე აჩვენებს გარკვეულ პროგრესს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოყენებული ნავთობტანკერების ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ქმედებები ვენესუელას მახლობლად მიუთითებს აშშ-ის სამხედროების მზადყოფნაზე ასეთი გემების დაკავების შესაძლო ოპერაციებისთვის.