2026 წლის 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) გაასაჯაროვა გარდაცვლილი მსჯავრდებული სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მასალების მორიგი ნაწილი. გამოქვეყნებული არქივი მოიცავს სამ მილიონზე მეტ ფაილს, მათ შორის 180 000-ზე მეტ ფოტოს და დაახლოებით 2 000 ვიდეოს (ჯამში დაახლოებით 14 საათის ხანგრძლივობით).
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ეპშტეინი სისტემატურად ითხოვდა ახალგაზრდა ქალებისგან სექსუალური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს. არაერთ ჩანაწერში გოგონები ნახევრად ან სრულად გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩანან. რამდენიმე ვიდეოში ისინი საკუთარ საძინებელში ასრულებენ სექსუალური შინაარსის მოქმედებებს. კადრებში ხშირად ჩანს ერთი და იგივე დიდი ზომის ყავისფერი დათვის სათამაშო.
ერთ-ერთ ვიდეოში ეპშტეინი ქალს ძალით უჩენს მკერდს კამერის წინ, მიუხედავად ქალის მრავალგზის მცდელობისა, მოიშოროს ეპშტეინის ხელები.
ფაილებში ასევე მოხვდა პორნოგრაფიული ფილმები, რომლებიც, სავარაუდოდ, ეპშტეინმა პირად კომპიუტერში ჩამოტვირთა.
მასალების მიხედვით, ეპშტეინი ახალგაზრდა გოგონებს ნახევრად ჩაცმულ მდგომარეობაში „ქასთინგებში“ მონაწილეობასაც აიძულებდა, რაც ამყარებს ვერსიას, რომ ის თავს „Victoria’s Secret“-ის ტალანტების აგენტად ასაღებდა და ამ გზით მსხვერპლთა გადაბირებას ცდილობდა.
ფაილებში მოხვდა 1997 წლის შემთხვევაც, როდესაც ეპშტეინმა სანტა მონიკაში მდებარე სასტუმროში მოდელ და მსახიობ ალისია არდენს შეურაცხყოფა მიაყენა. არდენის თქმით, ეპშტეინმა მას უთხრა, რომ „Victoria’s Secret“-ის წარმომადგენელი იყო და აუდიციაზე მიიწვია. სასტუმროს ნომერში მისვლის შემდეგ მან არდენის გაშიშვლება სცადა და უთხრა, რომ სურდა მას „უხეშად მოქცეოდა“, რის შემდეგაც ქალი ატირებული გაიქცა. არდენმა პოლიციას მეორე დღესვე მიმართა და გამოთქვა შიში, რომ ეპშტეინი სხვა ქალებსაც ავნებდა. მისი ჩვენება ერთ-ერთ ადრეულ ჩანაწერად მიიჩნევა ეპშტეინის წინააღმდეგ.
როგორც მედია აღნიშნავს, მასალებში ასევე არის კონტექსტის გარეშე ატვირთული ვიდეოები, მათ შორის კომედიური ჩანაწერები მსახიობ როუენ ატკინსონთან (მისტერ ბინის როლის შემსრულებელი), ასევე სკეჩი „Hot Crazy Matrix“, შესრულებული დანა მაკლენდონის მიერ. სხვა ვიდეოებში ინდოელ-ამერიკელი ავტორი და სულიერი მოძღვარი დიპაკ ჩოპრა გონებასა და სხეულს შორის კავშირზე საუბრობს. ჩოპრამ ფაილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ წუხს მსხვერპლთა ტკივილის გამო და კატეგორიულად გმობს ძალადობასა და ექსპლუატაციას. მან აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში და ეპშტეინთან კონტაქტი შეზღუდული და არასექსუალური იყო, თუმცა აღიარა, რომ ზოგიერთი ძველი წერილი „არასათანადო ტონით“ იყო დაწერილი.
ელექტრონული მიმოწერა აჩვენებს, რომ ეპშტეინი და ჩოპრა 2018 წლამდეც გეგმავდნენ შეხვედრებს და განიხილავდნენ ქალების ფიზიკურ გარეგნობას. 2017 წლის წერილში ჩოპრა ეპშტეინს ისრაელში მოგზაურობას სთავაზობს და წერს: „მოდი ისრაელში ჩვენთან. თუ გინდა, გამოიყენე ყალბი სახელი. ჩამოიყვანე შენი გოგონები“.
ფაილების კიდევ ერთ ნაწილში ასახულია ქალი, რომელსაც მასაჟს უკეთებენ, სხეულზე მხოლოდ პირსახოცი აფარია. ცნობილია, რომ ეპშტეინი მსხვერპლებს თავდაპირველად მასაჟისტებად ასაქმებდა, რის შემდეგაც სექსუალური ძალადობა იწყებოდა.
მედიის ინფორმაციით, დოკუმენტების გამოქვეყნებას პოლიტიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ იუსტიციის გენერალურ პროკურორ პემ ბონდის ბრალი დასდო გავლენიანი პირების სახელების დაფარვაში. მასიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ FBI- ის დოკუმენტში, სადაც შესაძლო თანამზრახველები იყვნენ ჩამოთვლილი, მილიარდერ ლესლი უექსნერის სახელი იყო დაფარული. ბონდიმ განაცხადა, რომ უექსნერის სახელი სხვა დოკუმენტებში ჩანს და აღნიშნული ჩანაწერი 40 წუთში გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც საკითხი დაისვა.
ლესლი უექსნერი, რომელიც „Victoria’s Secret“-ის მფლობელი კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, 1980-იანი წლებიდან ეპშტეინის ფინანსური მმართველი იყო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ეპშტეინმა მისი თანხები პირადი ქონების შესაძენად გამოიყენა და ურთიერთობა 2007 წელს გაწყვიტა, როდესაც ეპშტეინს პირველად წაუყენეს ბრალი არასრულწლოვანთან პროსტიტუციის მოთხოვნისთვის. უექსნერი უარყოფს ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ცოდნას და მის მიმართ ბრალი არ წაუყენებიათ.
კანონმდებლების ნაწილი აცხადებს, რომ დოკუმენტებში რედაქტირება სცდება იმ შეზღუდვებს, რომლებიც კონგრესმა თითქმის ერთხმად მიღებულ კანონში განსაზღვრა. იუსტიციის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივი პრივილეგიების გამო, მასალების დაახლოებით 50% ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ეპშტეინის 25-მა მსხვერპლმა ერთობლივ წერილში განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნება მათთვის საქმის დასრულებას არ ნიშნავს. მათი შეფასებით, მასალების ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებულია, ხოლო არსებული რედაქციები პროცესს გაუმჭვირვალეს ხდის.
წერილის ავტორების თქმით, ისინი არ მოითხოვენ ახალი ან ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების წარმოდგენას. მათი მოთხოვნაა, სრულად გასაჯაროვდეს უკვე არსებული დოკუმენტები და საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ გარემოებებზე, რომლებიც გავლენიან პირებს უკავშირდება. მსხვერპლები აცხადებენ, რომ მხოლოდ სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას.





