ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი, – ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ გამოკითხვაზე განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება.
„ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა.
ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.