ლაშა ძებისაშვილი: თუ რუსეთი წააგებს, მაგრამ მოსკოვში შენარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, პუტინს დასჭირდება კომპენსაცია უკრაინის ფრონტზე მარცხის გამო

“რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დღემდე განიხილავს დანაკარგად, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს არსებობას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. არაერთხელ მოგვისმენია როგორც პუტინისგან, ისე სხვა რუსი ლიდერებისგან, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, დაუყოვნებლივ აღადგენენ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ლაშა ძებისაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ რუსეთი წააგებს, მაგრამ მოსკოვში შენარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, პუტინს დასჭირდება კომპენსაცია უკრაინის ფრონტზე მარცხის გამო.

“დღეს საქართველო საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას – ან მოხდება ქვეყნის უსაფრთხოების და სტრატეგიული მიზნების ადეკვატური ფორმულირება და გატარდება შესაბამისი პოლიტიკა, ან ეჭვქვეშ დადგება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური ერთეულის არსებობა. გარდა იმისა, რომ ჩვენი კვლევა მკაფიოდ წარმოაჩენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის წინაშე არსებულ არაერთ საფრთხეს, სთავაზობს მათზე მორგებული თავდაცვის სისტემისა და შეიარაღებული ძალების ორ მოდელსაც, როგორც საერთო სტრუქტურის, ისე შესაძლებლობების დეტალური განხილვით. ამასთან, კვლევა გვიქმნის ნათელ წარმოდგენას, თუ რა ფინანსური რესურსის მობილიზებაა საჭირო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის უზრუნველყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, ხოლო რომლის იგნორირების შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვა შეწყვეტს არსებობას და ფიქციად გადაიქცევა. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დავანახოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებას და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეალური და ეფექტური თავდაცვის სისტემის სწრაფ მშენებლობას.

რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დღემდე განიხილავს დანაკარგად, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რუსეთი ვერ ეგუება საქართველოს არსებობას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. არაერთხელ მოგვისმენია როგორც პუტინისგან, ისე სხვა რუსი ლიდერებისგან, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, დაუყოვნებლივ აღადგენენ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ დამოუკიდებლად ვიარსებოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, მაშინ საფრთხეები სწორად უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისად მოვემზადოთ. საუბრები იმის შესახებ, რომ დასავლეთიდან რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ, მანიპულაცია, ფაქტების არასწორად წარმოჩენის ცდაა. რაც შეეხება დღეს არსებულ მშვიდობას, ის მხოლოდ დროებითია. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, სულ რომ გუნდრუკი ვუკმიოთ რუსებს, თუ კრემლში სტრატეგიულ მიზნად დაისახეს საბჭოთა კავშირის აღდგენა, ომი აქ აუცილებლად იქნება, თუ რა თქმა უნდა, ნებით არ დავთმობთ დამოუკიდებლობას. საბჭოთა კავშირის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ერთეული, ვერ იარსებებს. ესე იგი, ორი არჩევანი გვაქვს – ან უარი უნდა ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, ან ვიომოთ. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის გახსნა სრული სიგიჟეა, ერთადერთი სწორი გზა ახლა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალური გაძლიერებაა… არადა, ცხადზე უცხადესია ის ორი სცენარი, რაც შეიძლება უახლოეს მომავალში განვითარდეს. კერძოდ, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, მაშინვე დაიწყებს ძალაუფლების აღდგენას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, პირველ რიგში კი საქართველოზე. თუ რუსეთი წააგებს, მაგრამ მოსკოვში შენარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, პუტინს დასჭირდება კომპენსაცია უკრაინის ფრონტზე მარცხის გამო. კომპენსაციის მისაღებად ყველაზე იოლი გზა ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენაა. ის ყველა ლოგიკით კავკასიას მოადგება.

საქართველო იქნება პირველი იმიტომ, რომ სანამ სომხეთს მიადგება, აქ უნდა გაიაროს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავს. ამასთან, ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი მოკავშირე – თურქეთი. შესაბამისად, პირველივე ჯერზე აზერბაიჯანთან დატაკება არ აწყობს. საქართველოზე კონტროლის დამყარება ყველაზე ადვილია და ამასთან, გეოპოლიტიკურადაც გამართლებული – თუ საქართველოს აკონტროლებ, მაშინ აზერბაიჯანიც ძალაუნებურად ექცევა შენს გავლენაში. აზერბაიჯანის ძირითადი ენერგომატარებლები საქართველოზე გადის და ამ მხრივ სომხეთი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოზე კონტროლის დამყარებით რუსეთის ხელში ვარდება აზერბაიჯანიც და სომხეთიც, აღარაფერს ვამბობ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორია ჩემი შეფასებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღეს და რას გულისხმობს მაქსიმალისტური და რეალისტური თავდაცვის მოდელები, გპასუხობთ – მაქსიმალისტური მიდგომა, იმის მიუხედავად, თუ დღეისათვის რა რესურსობრივ-ფინანსური შეზღუდვებია ქვეყანაში, წარმოგვიდგენს ძალთა საბრძოლო შესაძლებლობების, სტრუქტურისა და მართვის ყველაზე ოპტიმისტურ სურათს… ამ შემთხვევაში ჯარის საერთო რაოდენობა უნდა გაიზარდოს ასი ათასამდე. მან უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა მიმართულებით, არ უნდა გვქონდეს ტერიტორიული დანაკარგი და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი უნდა შეძლოს. მაქსიმალისტური მიდგომის გააზრება საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ ძალთა ამ მოდელისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა, უზარმაზარი სხვაობა დღევანდელ რეალობასთან – ესე იგი, დაუცველობა და სავარაუდო გზები იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში (5-10 წელი) სწრაფად განვითარდეს თავდაცვის ძალები და დაუახლოვდეს ოპტიმისტურ მოდელს.

ნათელია, რომ საზღვაო ძალები ვერასდროს შეასრულებენ ისეთივე და იმ მოცულობით ამოცანებს, როგორც თუნდაც შავი ზღვის დიდი სახელმწიფოების სამხედრო ფლოტი ასრულებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილ სტრუქტურაში მხოლოდ სანაპიროს დაცვის ამოცანაზე გამახვილდა ყურადღება, რაც, ბუნებრივია, მომავალში სულაც არ გამორიცხავს სამხედრო ფლოტის შესაძლებლობების საგრძნობ გაზრდას. მაქსიმალისტურ ანუ ოპტიმისტურ მოდელს ახასიათებს ძლიერი სარეზერვო კომპონენტი, ოპტიმალური ზომის საავიაციო ელემენტი, ძლიერი საჰაერო თავდაცვა და მეტად ეფექტიანი საარტილერიო და სარაკეტო შესაძლებლობები. ამავე დროს, გაძლიერებულია სპეციალური დანიშნულების ძალები, რომელთა მნიშვნელობა დიდია არა მარტო უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს, არამედ ომის საწყის, ე.წ. ჰიბრიდულ ფაზაშიც, როცა შესაძლებელია აგრესიული გეგმების ჩანასახშივე აღკვეთა მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე. რაც შეეხება რეალისტურ მოდელს, ფინანსური შეზღუდვების გამო ის შეზღუდული სახით ინარჩუნებს საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. ამ შემთხვევაში ჯარის რაოდენობა 54 000 კაცამდე იზრდება.

10 წლის პერიოდში ამ მოდელით გათვალისწინებული მოთხოვნების (განსაკუთრებით გადაიარაღებაში) დაკმაყოფილების და მზარდი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენის პირობებში აუცილებელიც გახდება საჰაერო და საზღვაო კომპონენტების სრულფასოვანი თანამიმდევრული აღდგენა. თავდაცვითი ხარჯების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ქვეყნის ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების ნებისმიერ დროს განახლების შემთხვევაში ადეკვატური თავდაცვისუნარიანობის მისაღწევად თავდაცვის მიზნებისთვის ყოველწლიური ხარჯები არ უნდა იყოს მშპ-ს 5-7%-ზე ნაკლები, რაც ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა… რეალისტური მოდელის განხორციელების შემთხვევაში ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და უკრაინის მსგავსად ვერც მთელი წლის განმავლობაში გავუწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაინც შევძლებთ მტრის მოგერიებას.

ამჟამად აშშ-ში ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდია. დიდი ალბათობით, დაძაბულობა გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც და არ არის გამორიცხული, ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ამერიკას დიდხანს არ ეცლება უკრაინისთვის, ევროპის არცთუ ისე სახარბიელო სამხედრო შესაძლებლობის შესახებ კი ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. დღევანდელი ვითარება რუსეთისთვის პოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარაა და მის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება. ჩემი აზრით, “კროკუს-სითი-ჰოლში” თავდასხმა, რომელიც მოსკოვმა ტერაქტად შეაფასა, სინამდვილეში პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა, რათა მობილიზაცია გამოაცხადოს. სამი-ოთხი თვე საკმარისი იქნება ახალწვეულების გაწვრთნისა და გადამზადებისთვის და ზაფხულის დასაწყისში რუსეთი მზად იქნება, რომ უკრაინაზე დიდი შეტევა დაიწყოს… თუ ამერიკა დროულად არ დაეხმარება უკრაინას და ევროპელი ლიდერებიც დროულად არ შეთანხმდებიან, ეს ზაფხული ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდება როგორც უკრაინისთვის, საზოგადოდ, აღმოსავლეთ ევროპისთვის და რაც ყველაზე ცუდია, საქართველოსთვის”, – განაცხადა ძებისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები