სანდრო თვალჭრელიძე: მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” – ოპოზიციას სტრატეგია არ გააჩნია

“ეჭვი არ მეპარება, მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნია.

“ეჭვი არ მეპარება, მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”. საკითხი დგას დაახლოებით ასე: მოახერხებს თუ არა იმდენი ხმის დაგროვებას, რომ მას მთავრობის დასაკომპლექტებლად ეყოს. წინა არჩევნებისას პროპორციულ სისტემაში 50%-ზე მეტი ვერ დააგროვეს. თუ სწორად მახსოვს, მათი მაჩვენებელი სადღაც 46%-მდე იყო და მაჟორიტარმა დეპუტატებმა უშველეს. ამჯერად არჩევნები სრულად პროპორციულად ტარდება, შესაბამისად, თუ წინა არჩევნებივით ვერ შეძლეს 50%-ის გადალახვა, მაშინ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, მაგრამ შეძლებს კი ამას “ოცნება”, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოიჭრა მისასვლელი გზა, თუ არ ჩავთვლით მათივე სატელიტ “ხალხის ძალასა” და მსგავს ოდიოზურ ჯგუფებს. იმის ნაცვლად, მაგალითად, გახარიასთან ცოტა ზომიერი პოლიტიკა ეწარმოებინათ, დგანან და გაიძახიან, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებააო. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნორმალურ ძალას, რომელიც შევა “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში. არის კითხვები ოპოზიციასთანაც, რომელიც მეტასტაბილურია, მას ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის გარდა, სხვა იდეა არ აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თუ კოალიციაზე მიდგა საქმე, შეძლებენ კი მდგრადი ერთობის შექმნას?

ხომ არ დაიწყება იქაც მერკანტილური კინკლაობა, საბოლოოდ კი ”ქართული ოცნება” მოახერხებს საჭირო რაოდენობის დეპუტატების გადაბირებას. შეიძლება შეიქმნას კიდეც მყიფე ოპოზიციური კოალიცია, რომელიც მალევე დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გახდება ჩასატარებელი. მოკლედ, ბევრი სცენარია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩემი აზრით, ამ ჩიხიდან ორი გამოსავალია: პირველი – ძლიერი ცენტრისტული პარტიის შექმნა, ოღონდ არა გვარამია-მელიას და მსგავსი ოდიოზური ფიგურების მიერ, არამედ ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკაში. სახელგაუტეხელი ხალხი გვჭირდება. ჩვენი პარტნიორების დიდი შეცდომაა, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ძალიან ცუდად და უნიჭოდ ასაზრდოებენ. მეორე გამოსავალი კი პროპორციული საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩანაცვლებაა. ამაზე, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ეს განუხორციელებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, არცთუ შორეულ მომავალში, ეს ორივე პირობა შესრულდება. პარტია “ახალი” წამოიყვანს “ნაცმოძრაობის” ელექტორატს, თუმცა მათ არ მიემხრობა ის ამომრჩეველი, რომელიც ე.წ. შუაშისტურ განწყობაზეა და არც “ოცნება” მოსწონს და არც “ნაცმოძრაობა”. ამგვარად მოფიქრალი ხალხი საკმაოდ დიდ წილს შევადგენთ. “ნაცმოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მელიას წასვლა აიძულა. ამით მნიშვნელოვნად დაისუსტეს თავი… ისე, “ახალი” კი დაირქვეს, მაგრამ იქ ძველ სახეებს უფრო ვხედავთ. ადამიანები, ვინც ამ ახალი პარტიის სათავეში დგანან, ნამდვილად არ არიან შორს “ნაცმოძრაობისგან”…

ოპოზიციის მთავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ. ბისმარკმა თქვა, მცდარიც რომ იყოს პოლიტიკა, თუ თანამიმდევრულია, ყოველთვის გაიმარჯვებსო და ამ ხალხის რა თანამიმდევრულობაზე ვლაპარაკობთ, თან არ დაგავიწყდეთ, რომ მათ უპირისპირდება ძალიან ხისტად სტრუქტურირებული “ქართული ოცნება”, რომელიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კლონებივით ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს ხოლმე. რაც შეეხება კითხვას, “არსებობს მოსაზრება, რომ თუ “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანდებიან, შესაძლოა ძლიერ ცენტრისტულ ძალად იქცნენ” – ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან მცირეა. მამუკა ხაზარაძე შეიძლება კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა. მან საკრალური შეცდომები დაუშვა. მას თუ სურდა ცენტრისტული პარტიის გაკეთება, არც ერთი სხვა პარტიის კრიტიკა არ უნდა დაეწყო და მხოლოდ საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ელაპარაკა. მას ქართულმა სულსწრაფობამ წასძლია. ეს ალიანსი რომც შედგეს, დიდი შედეგი ვერ ექნება, მეტიც, ამით გახარია ბევრს დაკარგავს. ვფიქრობ, ის დამოუკიდებლად გავა და გადალახავს 5%-იან ბარიერს. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა ანა დოლიძის, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ უსუსური გამოდგა”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები