„ხარი საქართველოა. ხორბალი – ქრისტეს ხორცი, ეკლესია მისი სახლი“ – თვითნასწავლი მხატვარი, „ხარები“ და ემიგრანტობიდან გამოყოლილი მუზის ძახილი

დაიბად ქუთაისში. 1992 წლდან მუშაობ მასაჟისტ-რეაბილიტოლოგად.უშაობდ საზღვარგარეთაც ამავე სპეციალობით.
3 წელია ხატავ. ნამუშევრები ზეთით, უფაქიზესი მონასმებით, ფერების გემოვნებიანი შეხამებით არის შესრულებული.
ამბობს, რომ გაზაფხულიდან პერსონალური გამოფენისთვის დაიწყებს მზადებას. – ციალა ძოწენიძის პერსონა.

– ქუთაისში დაიბადეთ…
– მე და ჩემი ძმა საოცრად თბილ, კეთილ გარემოში გავიზარდეთ. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს.რამდენიმეჯერ  დაიბეჭდა გაზეთ „ქუთაისში“, „ლიტერატურულ საქართველოში“. ჟურნალებში: „მნათობი“, „განთიადი“.
ხატვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხაზვაში ბადალი არ მყავდა…
90-იან წლებში მეც დავკარგე სამსახური,   ახალი პროფესიის შესწავლა და თურქეთში მუშაობა მომიხდა. ვეხმარებოდი ოჯახს, ქართველს ყველაზე მეტად უჭირს ემიგრაციაში…
– 3 წელია, ხატავთ… პირველი ნამუშევარი?
– 35 წლის ასაკში გავთხოვდი. მეუღლე რატომღაც სულ მთხოვდა,  მეხატა. იმდენად ფერადი და სიყვარულით სავსე ხარ, გამოგივაო. მეცინებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მისი გარდაცვალებიდან მეცხრე წელს, მოვიმარაგე საჭირო მასალა და… პირველი ნახატი – „პეიზაჟი ნაძვებით“ დღემდე მოსწონთ…
– გამოფენაზე მოიწონეს თქვენი ნახატი „ხარები“,  იუმორით ლექსიც კი მოგიძღვნეს…
– ზოდიაქოთი კურო ვარ. კუროებს ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, ამ დათბობას და კლიმატის ცვლილებას ყველაზე მეტად გრძნობენ. უჭირთ საკვებისა და წყლის მოძიება საძოვრებზე… შთაგონებაც ეგ იყო. წარმოვიდგინე ჩემი თავი, დაოსებული ზოდიაქო კურო როგორ ეძებს სიცხისგან წყალს და საძოვარს გადასარჩენად, გლობალური დათბობის პერიოდში.
სხვა ნახატზეც გაქვთ ხარი…
– ხარი საქართველოა. ხორბალი – ქრისტეს ხორცი, ეკლესია მისი სახლი, ღვთისმშობელი – მფარველი, რომელიც სინათლის შუქია ამ სამყარიში…
– აქტუალურ თემებზე ხატავთ…
– მიყვარს საჭირბოროტო თემებზე ხატვა – უკრაინის თემა, ლუდომანია, ნარკომანია…
2021 წლის  სექტემბრიდან  ამა წლის მაისამდე ვიყავი იტალიაში… რაც შემეძლო, ვიმოგზაურე და ვხატე. შემდეგ ვმუშაობდი და ვუთავსებდი ხატვასაც.
რომში არსებობს ჯგუფი „აკიდო“, რომელიც ზრუნავს ემიგრანტებზე. მათი მზრუნველობით მქონდა გამოფენაც… ეს სიხარული და წარმატება (გაიყიდა თითქმის ყველა ნახატი) ჩემთვის ყველაფერი იყო.
იტალიაში ყოფნის დროს მივხვდი, როგორ აშენდა ფეხშიშველა ემიგრანტებით მეგაპოლისები, მაგრამ მაინც ჰორიზონტს ქვემოთ დარჩნენ, ისევ ფეხშიშველები.
–  ერთი ნახატის ისტორია…
– არის ნახატი, რომელიც სულმოუთქმელად, ერთ დღეში დამიხატავს. არის, რამდენიმე კვირაში. გააჩნია მუზას, აღტყინებას… ხანდახან დღეები მიფიქრია, ხანაც ვიწყებ და ნახატიც ნელ-ნელა იღებს სასურველ სახეს.
ქუთაისში ჩემი ერთი საყვარელი ოჯახის ერთადერთი შვილი – ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც  კარიერის საკმაოდ კარგ სიმაღლეზე იყო, თამაშის გამო დიდ ვალებში ჩავარდა და თავი მოიკლა. რაც ჰქონდა, ყველაფერი უნიტაზში ჩარეცხა.ზურგზე მოკიდებული ოჯახიც არაფრად ჩათვალა, ვერც ნათელი წერტილი შენიშნა.. . ჯოკერი კი გააჩინა…
ერთ ღამეში ტილოზე ავსახე ჩემი პროტესტი სათამაშო ბიზნესზე…
– ჯოკერი მეორე ნახატზეც გამოსახეთ….
– ხანდახან არის იმედი, რომელსაც მოთამაშის ილუზია ქმნის. თამაშობს იმიტომ, რომ მოიგოს და გამორიცხავს წაგებას და მერე შავდება… ნელ-ნელა იძირება წყვდიადში. ჯოკერი რჩება ყოველთვის მაცდური, გამარჯვებული იერით.
– „გემი“, „შემოდგომა“, „უჯრედისი/სიცოცხლე“, პეპელა“, უკრაინა… 
– გემი… მარტოსულს ჰგავს. ადამიანს, რომელსაც მუდმივი ჭიდილი აქვს, მაგრამ კლდეზე შემსკდარიც კი არ კარგავს სიამაყეს.
ჩემი შემოდგომა – ჩვენს ძველ მარანში ბაბუისგან დარჩენილი „შტოფები“, საზამთროდ წყათში შესანახი ყველის დიდი ქოთნით…
ჩაგიხედავთ როდისმე მიკროსკოპში? ეს ჩემი უჯრედისია. სიცოცხლე ჰქვია. პეპელა კი, რომლის ფარფატა ფრთებიც სამდღიან ცხოვრებას დაუღლია, ცხოვრების მოკლევადიანი ისტორიით…

„სიცოცხლე“

– ახალი წელი მოდის… ახალი იმედებით სავსე…
– ვწერ პატარ-პატარა ჩანახატებს. მიყვარს მოგზაურობა… გაზაფხულიდან  პერსონალური გამოფენისთვის მზადებას ვიწყებ.
ახალ წელს ვხვდებით ოჯახში. დილიდან კი ვსტუმრობ დეიდაშვილებს დაბადების დღეზე, სადაც, რაც თავი მახსოვს, დედის მხარე ვიკრიბებით… ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ნაყოფიერს და წარმატებულს…

„პეპელა“
„გემი“
„მზე მამაა ჩემი, მთვარე დედაჩემი და წვრილ, წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა  ჩემი“…

ამდენი შენობა და არცერთი ხე…
უკრაინა. ხელები შორს ნგრევისაგან….


თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები