სუსი: 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი

“2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა”,- ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი – შპს „კახეთი“, შპს „ნოვა ტრანსი“, შპს „ჯადექსა“, შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს „გრანდ კახეთი“.

დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს „საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად – 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს „კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.

შპს „კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები – შპს „კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები”,- განაცხადეს სუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები