“პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს” – გამახარია ყოლბაიასა და შამბას ონლაინშეხვედრას ეხმაურება

“მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას შორის გამართულ ონლაინშეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

გამახარიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილებას ადგილი არ აქვს.

“ფაქტი ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ასეთი რამ 2008 წლის შემდეგ არ გვახსოვს. უნდა ითქვას, რომ არავითარ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია, ეს ჟურნალისტის ინიციატივა იყო, რომ მას ინტერვიუ როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის ჩამოერთმია. ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბატონი შამბა ვახტანგ ყოლბაიას არც მისალმებია, კითხვებზე პასუხის გაცემა ისე დაიწყო. ბატონმა ვახტანგმა ზრდილობა იხმარა, კიდევაც მიესალმა და კიდევაც მიუსამძიმრა ძმის გარდაცვალება. მინდა, დარწმუნებით და კატეგორიულად გითხრათ, რომ ამის უკან არანაირი ახალი პოლიტიკა არ არის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით არანაირი პოლიტიკის ცვლილებას ადგილი არ აქვს. ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს. ეს იყო მხოლოდ ჟურნალისტის ინიციატივა, მის მიერ დასმულ 3 კითხვაზე პასუხები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ არ ვაღიარებთ იქ არსებულ ხელისუფლებას. თუ 2008 წლამდე ის კონფლიქტის მხარედ განიხილებოდა, დღეს ჩვენთვის კონფლიქტის მხარეც არაა. ეს ტერიტორია ოკუპირებულია, ამიტომ, კონფლიქტის მხარე არის ოკუპანტი და არა სერგეი შამბა, ბჟანია და. ა.შ. ამ ადამიანებთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, არ არის და არც მომავალში იგეგმება.

არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ, ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, ისინი იქ პიროვნულად მონაწილეობენ. კიდევ ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. აქ სხვა საკითხი წარმოიშვა- ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია”, – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები