“ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის იქნება მადლიერი რუსეთის და მისი ლიდერების” – ალან გაგლოევი
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ყოველთვის ემახსოვრება რუსი სამხედროების ღვაწლი 2008 წლის აგვისტოში ქართული აგრესიის დროს”.
ამის შესახებ მან მემორიალურ კომპლექსთან გამართულ ღონისძიებაზე თქვა.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ყოველთვის ემახსოვრება რუსი სამხედროების ღვაწლი, მუდამ მადლიერი იქნება რუსეთის და მისი ლიდერების. მონუმენტი, რომელთანაც ახლა ვდგავართ, არ არის მხოლოდ იმ მოვლენების, იმ გმირების ხსოვნა, რომლებიც იბრძოდნენ სიცოცხლისთვის სამხრეთ ოსეთის მიწაზე. ის ასევე არის რუსულ-ოსური სამხედრო თანამეგობრობის, ერთიანობის, საერთო გამარჯვებისა და ჩვენი ურღვევი კავშირის ერთგულების სიმბოლო“, – განაცხადა გაგლოევმა.
მან აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა “დასისხლიანებული სამხრეთ ოსეთის დახმარება შეძლეს და აიძულეს აგრესორი მშვიდობისკენ”.