სუს-ის ანგარიში: გასული წლების მსგავსად, გრძელდებოდა ჰიბრიდული ომის კომპონენტების გამოყენება, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას
“საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი დესტრუქციული პროცესები – ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო, ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს ანექსიის განსახორციელებლად.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი დესტრუქციული პროცესები. მათ შორის, აღსანიშნავია უკანონო მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობით მიმდინარეობდა. გასული წლების მსგავსად, გრძელდებოდა ჰიბრიდული ომის კომპონენტების გამოყენება, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას. მაღალი ინტენსივობით გაგრძელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული პროცესები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით დაფიქსირდა ე.წ. საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენების მცდელობა. პარალელურად, კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა.
მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი, 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის პროცესს ეხება. შედეგად რუსეთს დაეკისრა საქართველოს 29 000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება”, – წერია დოკუმენტში.