ოკუპირებულ აფხაზეთში, 11 დასახლებულ პუნქტში 30-მდე დრონი დააფიქსირეს, რის გამოც, საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა
“აფხაზეთში განლაგებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპრეცედენტო საჰაერო დარტყმა მოიგერიეს, რამაც 11 დასახლებულ პუნქტზე თითქმის ყველა სამიზნე გაანადგურა”, – აღნიშნულის შესახებ ე.წ. საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის “გენერალ-ლეიტენანტმა” ადგურ გუმბამ განაცხადა.
მისივე თქმით, მტერმა დაზვერვა ჩაატარა, თუმცა სამიზნეებზე პირდაპირი დარტყმები არ იყო დაგეგმილი.
“საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი დაახლოებით 30 თვითმფრინავიდან 99% განადგურდა. ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს“, – თქვა მან.
გუმბამ 4 მარტს დრონების გამოყენება უპრეცედენტოდ ფართოდ გავრცელებულ მოვლენად შეაფასა, რადგან მანამდე მხოლოდ იზოლირებული გადაფრენები იყო დაფიქსირებული.
მან დასძინა, რომ ადგილობრივი “ეკიპაჟები” და რუსი სპეციალისტები ერთად მუშაობენ.
მისივე თქმით, სამიზნეებს რაკეტებით ესვრიან, ან საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით, ელექტრონული საბრძოლო სისტემებით ანეიტრალებენ.
ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოცხადდა. ამ ეტაპზე სიგნალი უკვე გაუქმებულია.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს “დრონების საფრთხის” გამო “ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის” მუშაობა შეჩერდა.