“რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია, ტერაქტის კვალიფიკაცია აიცილოს თავიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მართლაც ტერორისტული აქტი ტერაქტის კვალიფიკაციას ვერ ასცდება”, – ამის შესახებ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს, დაპირისპირება სამართლებრივ ველზე გადაიტანოს და დრო მოიგოს. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მოსალოდნელი არაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ დაპირისპირებას სამართლებრივ ველზე გადაიტანს და რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დროის მოგების საშუალებას მისცემს.
“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის შემდეგაც ცუდი მოლოდინი გვქონდა, ასევე დღემდე ცუდი მოლოდინები გვაქვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან მომავალში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასე რომ, ჩვენთვის უცხო და ახალი არაფერი მომხდარა.
მოგეხსენებათ, კახოვკას ჰესი რუსეთის საოკუპაციო ჯარების კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული და ეს უბედურება მოხდა. რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა მომხდარს უკრაინის ხელმძღვანელობას აბრალებს,
უკრაინის ხელმძღვანელობა და საერთაშორისო საზოგადოება კრემლს ადებენ ხელს. რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს, დაპირისპირება სამართლებრივ ველზე გადაიტანოს და დრო მოიგოს, ამიტომ აბრალებს უკრაინის ხელისუფლებას. მისი
მთავარი მიზანია, ტერაქტის კვალიფიკაცია აიცილოს თავიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მართლაც ტერორისტული აქტი ტერაქტის კვალიფიკაციას ვერ ასცდება. ამ აფეთქებას ის შედეგი მოჰყვა, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ რომ დგება ხოლმე. ამდენად, არ ველით იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ დაპირისპირებას სამართლებრივ ველზე გადაიტანს და რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დროის მოგების საშუალებას მისცემს. რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ აქტის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მზადაა, უკან დაიხიოს. ჩაფიქრებული აქვს, რომ ოკუპირებული ხერსონის ნაწილს დატოვებს და ეს კაშხალი გაანადგურა. მთელი ძალების მობილიზაციას ის ახლა ყირიმში, ლუგანსკსა და დონეცკში მოახდენს. მართალია, ბოლო ვაზნამდე იბრძოლებს, მაგრამ დანარჩენი ტერიტორიებიდან ნელ-ნელა უკან დაიხევს იმ იმედით, რომ ამერიკის 2024 წლის არჩევნებამდე დრო გაწელოს. ჩვენი აზრით, იმედი აქვთ, რომ ბაიდენს აღარ აირჩევენ და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებაზე მოლაპარაკებას შეძლებენ, რასაც, რა თქმა უნდა, უკრაინა და მისი მხარდამჭერი ქვეყნები არ დაეთანხმებიან.
ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია ვახსენეთ და ამას ძალიან სერიოზული სანქციები მოჰყვება. იმ სანქციების გარდა, რაც აქვთ, კიდევ მეთერთმეტე პაკეტია გამზადებული”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონში წყლის დონე მატებას, დაახლოებით, კიდევ 20 საათის განმავლობაში გააგრძელებს. ამ დროის განმავლობაში წყლის დონემ შესაძლოა, კიდევ ერთი მეტრით მოიმატოს – ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 1852 სახლია დატბორილი, ღამის საათებში დახმარება 13 ადამიანს დასჭირდა, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათისთვის 1 457 ადამიანია ევაკუირებული.