არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების ყველა შტო და კონსტიტუციური ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას
“სიცრუეა, თითქოს სასამართლომ პრემიერმინისტრს მოსთხოვა, მოდით, სასამართლო საქმიანობაში ჩაერიეთ და გადაწყვეტილებებშიო. დახმარება კი არა, შეხვედრა სთხოვა სასამართლომ პრემიერს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერმინისტრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების ყველა შტო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“რადიკალური ოპოზიციისთვის ასეთი საკითხები საკმარისია ბედნიერებისთვის. მათ არ აქვთ სხვა დღის წესრიგი. ჩვენ კი ვართ ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ იმ ინტერესების დაცვაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება. ხელისუფლების ყველა შტო და კონსტიტუციური ორგანოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. ამ ოპოზიციას რაც უნდა უხაროდეს, რომ ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი მიადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ცხოვრებაში რადიკალური ოპოზიციის სიხარული რამეს შეცვლის, ერთხელ მაინც მობრძანდნენ პარლამენტში და შეასრულონ თავის როლი, განცხადებები მათი ბევრი გვინახავს, საქმე ცოტა”, – განაცხადა თალაკვაძემ.