აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები რევაზ სოხაძემ ადგილზე განიხილა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს აბასთუმანში. ვიწყებთ კურორტის განვითარების ახალ ეტაპს, რომელიც მოიცავს დარჩენილი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების უმრავლესობა ისტორიული ძეგლია და მათი სწორად აღდგენა, კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ აბასთუმანში.
რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, კონტრაქტორი კომპანიებისა და არქიტექტურული ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს კურორტის ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე, განხორციელების ეტაპებზე, არსებულ გამოწვევებსა და ხარისხის კონტროლის საკითხებზე. ასევე განიხილეს კურორტის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებები და აბასთუმნის ეკოლოგიური, ისტორიული და ტურისტული გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობა.
ახალი ხელშეკრულებით, აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა იწყება. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობების აღდგენას, ტურისტული და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე ნაპირსამაგრი და სახიდე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აბასთუმანში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ფარგლებში უკვე აშენებულია ხიდები და გვირაბი. პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასათიანის ქუჩის განახლება და იგეგმება საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაც.
მინისტრმა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაოების ვადებსა და ხარისხთან დაკავშირებით მკაცრი კომუნიკაცია გაიმართა.
„კონტრაქტორებთან გვქონდა მკაცრი საუბარი. თითოეულ კომპანიას განესაზღვრა კონკრეტული ვადა, თუ როდის და რა ეტაპზე უნდა დასრულდეს სამუშაოები. შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს – სამუშაოები უნდა შესრულდეს ხარისხიანად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, აბასთუმნის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ურბანული თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა კურორტმა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური გარემო და ისტორიული იერსახე.
„გვინდა, აბასთუმანი იყოს გამორჩეული კურორტი არა მხოლოდ თავისი ბუნებითა და კლიმატით, არამედ მოწესრიგებული ურბანული გარემოთი და თანამედროვე ინფრასტრუქტურითაც,“ – განმარტა რევაზ სოხაძემ.
აბასთუმნის განვითარების ახალი ეტაპის დასრულების შემდეგ, კურორტი კიდევ უფრო გააძლიერებს პოზიციას საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე და ჩამოყალიბდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, ეკოლოგიურად მდგრად და ისტორიული იერსახის მქონე კურორტად.