მაკა ბოჭორიშვილი უკრაინული მხარის გააქტიურების კონტექსტზე: ეს არის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ
“რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის ერთი: ეს არის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
მისივე თქმით, “დღეს საქართველოსთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას სწორედ უკრაინული მხარისთვისაც. შესაბამისად, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდებათ დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება.”
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან შეცვლილ რიტორიკაზეც:
“მე დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იგრძნობა სხვაობა თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ერთ დღეში ამ ყველაფრის დავიწყება. ჩვენ გვესმის, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა შეიმჩნევა. მე იმედი მაქვს, მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით”.