დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარეს მარიო სტეტას, საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ თორნიკე ჯაფარიძეს და სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის მიწოდების ჯაჭვის განვითარებაზე, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცოდნასა და თანამედროვე პრაქტიკებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობას, რაც სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც სატრანზიტო დერეფნის ნაწილი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური ვაჭრობის კონტექსტში. ამ პოტენციალს აძლიერებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც გვაძლევს წვდომას დაახლოებით 2.3 მილიარდიან ბაზართან. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის, მათ შორის მოცვის სექტორის განვითარება. მოცვი სულ უფრო მეტად ყალიბდება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად. სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებას სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, რომლებიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მხარეებმა ასევე კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია საერთო ხედვა, კოორდინირებული პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინიციატივების მიზნობრივი მხარდაჭერა.
„საქართველო რეგიონული ჰაბის პოტენციალს ფლობს და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით სრულად იქნას ათვისებული არსებული შესაძლებლობები. გვჯერა, რომ არსებული პოტენციალი, სწორად გამოყენებული პოლიტიკისა და ინვესტიციების პირობებში, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ აგრო-სასურსათო ბაზრებზე“, – აღნიშნა მარიო სტეტამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოცვის სექტორი სწრაფად იზრდება. 2025 წელს ქართული მოცვის ექსპორტმა 46.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 64.5%-იანი ზრდაა. ექსპორტირებული მოცვის რაოდენობამ 6 913 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი და გერმანია.
მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ფერმერულ მეურნეობებს დაათვალიერებს და სექტორის განვითარების პერსპექტივებს ადგილზე გაეცნობა.