„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკას ვსტუმრობ. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგა რიხარდ რაშისთან. მახსოვს ჩვენი წინა შეხვედრა, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში შედგა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რიხარდ რაშისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
“ამ შეხვედრამ ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგს დამატებითი ძლიერი იმპულსი მისცა.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
მე გამოვხატე სლოვაკეთის მიმართ ჩვენი მადლიერება საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულია.
შეხვედრისას აღვნიშნეთ მაღალი დონის გაცვლების მზარდი ინტენსივობა, რაც ნათლად წარმოაჩენს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას.
საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს.
ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, სადაც დიალოგი და გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში. სრულად ვუჭერთ მხარს აქტიურ საპარლამენტო კავშირებს საპარლამენტო ადმინისტრაციებს, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.