ანდრია ურუშაძე – დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე: „ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი – ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!
“მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე არავინ დავობს.
„უნდა გამოვიდეთ ამით [დიუშენის სამკურნალო პრეპარატით] პოლიტიზების და ქულების დაწერის რეჟიმიდან. რაც მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა. იმ სამუშაო გუნდში ვინც იქნება, მოვიწვიოთ ის ექიმები, ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს წარმოადგენენ, მათი მშობლები, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ, შევქმნათ ეს მუშა ჯგუფი, თუ შექმნილი არ არის ჯერ. გადავულოცოთ ეს თემა იმ ადამიანებს – ექიმებს და პაციენტებს, რომლებიც სწორ პოზიციას ჩამოაყალიბებენ. ამას რომ დრო, ნდობა, ნდობის აღდგენა სჭირდება და ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!“ – აღნიშნა ურუშაძემ.
მას ჯანდაცვის მინისტრმა შეახსენა, რომ მსგავსი სამუშაო ჯგუფი არსებობს და სამინისტროს შეხვედრები უკვე ჩატარებული აქვს.
„დაახლოებით, ათი შეხვედრაა ჩატარებული მშობლებთან, ერთი ან ორი მაგდენია ჩატარებული ნევროლოგებთან, მათ შორის პედიატრიულთან, მოზრდილებთან. მერწმუნეთ, რომ ამხელა ცოდნა საქართველოში, რამდენიც სამინისტროშია მედიკამენტების და დაავადების შესახებ, აბსოლუტურად არსად არაა სხვაგან. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სახელმწიფომ უნდა მიიღოს და ვთანხმდებით იმაზეც, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ძვირი უჯდება ამ ქვეყანას. მხოლოდ ემოციაზე, მონაყოლ ისტორიაზე დაყრდნობით ხომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება?! “, – უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ.