ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ პროკურატურასა და შსს-ს უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს – ბაჩანა ჯინჭარაძე
“რთულია რაიმე სახის ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვი დაინახო ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ისინი საზოგადოებას ამცნობენ, რომ სუს-ში განცხადება შეიტანეს გამოძიების მოთხოვნით. განცხადებაში ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახური წყვილი უაპელაციოდ ბრალს სდებს მთელ რიგ სახელმწიფო ორგანოებს, – პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შსს-ს, დანაშაულებრივ ქმედებებში, – სამოხელეო და სისხლის სამართლის დანაშაულებებში. მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ანგარებით, მესამე პირთა დასაცავად ჩადენილ განზრახ ქმედებებში, კორუფციულ ინტერესებში… და ეს იმ ფონზე, როცა არც ერთი ამ მძიმე ბრალდების უკან არ დგას არც ერთი საგნობრივი, კონკრეტული, დადასტურებული ფაქტი”, – ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე, რომელიც ორგანიზაციის მიერ წარმოებულ, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგშია ჩართული.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის უმძიმესი ბრალდებების სათანადო საფუძვლების გარეშე და ანგარიშმიუცემლად წარდგენა, უბრალოდ ალოგიკური და სულ მცირე, არაგონივრულია. ჯინჭარაძე თვლის, რომ მსგავსი ქმედებები და ამით საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაბედოს ამა თუ იმ მხარემ, თუ ამის დამადასტურებელი რეალური და ხელშესახები ფაქტები არსებობს, ან თუ ზურგს უკან ძალიან გავლენიან მფარველს გრძნობს, რომელიც მას ნებისმიერი მსგავსი ტიპის გამოხდომის საშუალებას მისცემს ჯანაშია-ცეცხლაძე ბანქოს მოთამაშეთა ენაზე რომ ვთქვათ – შულერობს, ანუ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გავლენიანი მფარველი ყავს.
“ნათია ჯანაშიას მხარეს რეალურად ასეთი მფარველი არც სახელმწიფო და არც სხვა ტიპის დაწესებულებებში არ ყავს. ეს კარგად ჩანს შულერობის კლასიკურ გამოხატვაში, როდესაც სიტუაციური საჭიროებებიდან გამომდინარე ახალ-ახალი კარტის გათამაშება უწევთ. ამჯერად უკვე შვილების მოქალაქეობის თემა წამოწიეს წინა პლანზე. აღმოჩნდა, რომ 4 შვილი აშშ-ს მოქალაქე ყავთ და ამაზე აპელირებენ.
სამწუხაროა, რომ არასრულწლოვანების გამოყენება ბიზნესდავაში ასე აქტიურად დაიწყეს, რაზეც აფბამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა რომ პროცესში, ანუ ბიზნესდავაში შვილების თემით აპელირება, ამორულია. ასევე სამწუხაროა, რომ ბავშვებს, ამ შემთხვევაში საკუთარ შვილებს, ჯანაშია-ცეცხლაძე საქართველოს სახელმწიფოს შანტაჟში იყენებენ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ წერილებს აფრიალებენ.
პირადად მე, ნამდვილად არ მეგულება არც პოლიტიკოსი და არც სახელმწიფო ჩინოვნიკი, ვინც საკუთარ თავს უაპელაციოდ დააყენებს უმძიმესი რისკის ქვეშ და კულუარულ მფარველობას გაუწევს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს, რადგან ეს წყვილი უკვე ყველას ესხმის თავს: მოდავეს, უბრალო მოქალაქეებს, მედიას, სასამართლო ხელისუფლებას, ხელისუფლების ყველა შტოს.
ამასთან, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე, რომელსაც მოდავე მხარე ფაქტებით, დადასტურებულად 4 მილიონი დოლარის მიტაცემა-გაფლანგვაში ედავება, მიტაცებულ სახსრებს ახლა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში იყენებს. ეს გამოიხატება არამარტო გავრცელებული განცხადებებით, არამედ სოცქსელებში კომენტირებისას, სადაც დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია პირდაპირ და მოურიდებლად და ცხადია, უარგუმენტოდ, ამბობენ, რომ პროკურატურა და შსს მოქრთამულია.
როცა აცხადებ, რომ სამართალდამცავი სისტემის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, პროკურატურისა და პოლიციის ქმედებები სამსახურებრივი გულგრილობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს, გამოთქვამ დაუსაბუთებელ ეჭვს, რომ სამართალდამცავთა უმოქმედობა რაღაც გავლენითა და შესაძლო კორუფციული ინტერესებით არის განპირობებული, რაც ამ უწყებებს ვიღაცის თაღლითური სქემის თანამონაწილეებად აქცევს, – ეს პირდაპირი გალაშქრებაა სახელმწიფოს მიმართ, მისი სამართლადამცავი ორგანოების მიმართ და იმავდროულად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამას გამიზნულად აკეთებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და ამით, ბიზნესდავის მიმდინარეობისას, საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად,“ – დასძენს ბაჩანა ჯინჭარაძე.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიზნესდავის მონიტორინგის პროცესში, არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ ნათია ჯანაშიას მხარეს, საჯარო წყაროებით გაევრცელებინოს რაიმე კონკრეტული ფაქტი ან არგუმენტი, რაც მათ გაცხადებულ პოზიციას გაამყარებდა.