/ სანდო წყარო პოლონეთსა და ფინეთში ამოუცნობი დრონები აღმოაჩინეს
პოლონეთში, რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრში, ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს.
დრონი კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბარტოშიცესთან, მინდორში აღმოაჩინეს.
სამხედრო პოლიციის მონაცემებით, საუბარია სათვალთვალო სამხედრო დრონზე. რადიოსადგურ RMF-ის ცნობით, აპარატზე აღმოჩენილია კირილური წარწერები, რაც შესაძლოა, მის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ წარმომავლობაზე მიუთითებდეს.
მანამდე, 3 მაისს ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ამოუცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია რუსეთის საზღვართან, ვიროლაჰტის მუნიციპალიტეტის რაიონში.
„დრონის მოდელი და წარმომავლობა დადგენილი არ არის“, – განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ მოგვიანებით აპარატმა ფინეთის ტერიტორია დატოვა.