ბოლო მონაცემებით, საქართველოში “ყინულის აქციით” 110 ათასი ლარი შეგროვდა
საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის “ყინულიანი წყლის გამოწვევის” (Ice Bucket Challenge) ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაცია WeHelp.ge-ის ანგარიშზე ას ათი ათას ლარზე მეტი გადაირიცხა. ამის შესახებ „კვირას“ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბორის კიკნაძემ განუცხადა.
“18 – დან 25 აგვისტოს ჩათვლით სულ შემოსულია 110 000 ლარი”, – განუცხადა “კვირას” კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, აქცია გაგრძელდება და ორგანიზატორები აქციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ.
სტატისტიკის მიხედვით, აქციის დაწყების პირველ დღეს – 18 აგვისტოს მარათონში ოთხი ადამიანი ჩაერთო და ფონდის ანგარიშზე 150 ლარი გადაირიცხა. 19 აგვისტოს მონაწილეების რაოდენობამ 17 ადამიანს, გადარიცხულმა თანხამ კი 261 ლარს მიაღწია. 20 აგვისტოს აქციაში კიდევ 87 ადამიანი ერთვება და დაავადებული ადამიანების დასახმარებლად კიდევ 1051 ლარი ირიცხება. აქტიურობის მიხედვით 21 აგვისტო გამოირჩეოდა, როდესაც WeHelp.ge-ს ანგარიშზე 336-მა ადამიანმა ჯამში 6 952 ლარი ჩარიცხა. საქართველოში ყინულიანი წყლის გამოწვევის აქცია 18 აგვისტოს დაიწყო და ინიცირებული იყო WeHelp.ge-ს დამფუძნებლის, ბორის კიკნაძისა და IdeaGroup-ის დამფუძნებლის, ლევან პაიჭაძის მიერ. Ice Bucket Challenge-ის ვიდეო მარათონმა თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აიღო სტარტი.