შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მოლოდინი აქვს, რაზე არიან წამსვლელები ევრობიუროკრატები, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში“.

მისი თქმით, ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით დღეს არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი და ეს არის ფაქტი.

„პირველ ყოვლისა, თავად ის ფაქტი, რომ ეს შანტაჟია, უკვე აჩვენებს არაკეთილსინდისიერ მიდგომას საკითხის მიმართ. მე ვთქვი, რომ ის ე.წ. რვა საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია წერილში, ამ რვა საკითხიდან ექვსი საკითხი ისეთი სამუშაო საკითხებია, რომელზეც ჩვეულებრივად მუშაობს სახელმწიფო. ეს დამატებითი ორი საკითხი, რომელიც ამ კანონებს ეხება – „გამჭვირვალობის კანონს“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს“, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას უვიზო მიმოსვლასთან არ აქვს. ვხედავთ გარკვეულ ასეთ თვითნებობას, როგორი თვითნებობაც ვნახეთ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ნახავთ, კიდევ ერთხელ ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება ამას, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეკომენდაციით ევროკომისიამ დაარღვია საქართველოს და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება. ევროკომისია დღეს არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფაქტი და მათ შორის ამ წერილითაც დადასტურდა, რომ მათ დაარღვიეს. რაც ამ წერილში წერია, ზუსტად ის მიუთითებს, რომ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი.

ასე რომ, როდესაც თვითნებობას აქვს ადგილი და მათ შორის სამართლის უზენაესობის უპატივცემულობას, აქ ბევრი რამ შეიძლება, იყოს მოსალოდნელი. პირველი, არ არსებობს არანაირი საფუძველი და მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ იცოდეს, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ჩვენ სამართლებრივად ვართ პირნათელი ჩვენს ვალდებულებებში. ასე რომ, ნებისმიერი ასეთი განცხადება, რასაც ვისმენთ, ეს არის შანტაჟი და ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება არ არის კეთილსინდისიერი. მეორე – ჩვენ ვხედავთ მათ შორის, რომ, საბედნიეროდ, ევროკავშირის შიგნითაც არსებობს საღი აზრი. კულუარული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის მედიის მხრივ გაჟღერდა, აჩვენებს – არის სახელმწიფოები, რომლებიც ხვდებიან, რომ ასეთი სიგიჟის გაკეთება, რაც ზოგიერთს თავში უტრიალებს, უბრალოდ მიუღებელია და შეუძლებელია. მესამე საკითხი – როცა უყვართ ხოლმე და ხშირად ამბობენ, ქართველ ხალხს მივეცით კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს, ახლა რა ხდება, ქართველი ხალხი აღარ აინტერესებთ, თუ რა ხდება?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები