KIU-ში 2025 წლის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 2025 წლის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროექტში 55-მდე სტუდენტი ჩაერთო.

„ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან სტარტაპის შენების კურსს, ანტრეპრენერების: ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკოლოზ როსტომაშვილის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიიღონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავებენ ინოვაციური პროექტების მოდელს.

საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორთან ვახტანგ ცაგარელთან ერთად, გახსნა. ღონისძიებას KIU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროექტის ორგანიზატორები და სტუდენტები დაესწრნენ.

„ინოვაციები ქმნიან ახალ რეალობას და ამარტივებენ ადამიანების ცხოვრებას თანამედროვე სამყაროში. თქვენ განსაკუთრებული მისია გერგოთ – გახდეთ ამ ცვლილებების აქტიური მონაწილეები და მომავლის შემქმნელები. ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ ცოდნის მიღების, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის გზაზე. მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ ფიქრი იმ იდეებზე, რომლებმაც აქ მოგიყვანათ – რადგან სწორედ ისინი ქმნიან თქვენს მომავალს“, – მიმართა სტუდენტებს პაატა ტურავამ.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გასული ოთხი წლის განმავლობაში KIU-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები