პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.
განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციებზე.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.