დავით სონღულაშვილი: ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი და ყველა სახელმწიფო პროგრამაც ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით იქმნება

რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა ჩვენი უწყების მუშაობის შემადგენელი ნაწილია და რეგულარული ხასიათი აქვს. დღეს შიდა ქართლის რეგიონში რამდენიმე საწარმოში, ასევე, სასათბურე და საკალმახე მეურნეობებში ვიმყოფებოდით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მათგანი სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს.

„ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი და ყველა სახელმწიფო პროგრამაც ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით იქმნება.

ხაზი მინდა გავუსვა მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულებას. ქვეყანაში არსებობს ამ დარგის ზრდისა და განვითარების მაღალი პოტენციალი. განსაზღვრული გვაქვს აქტივობები, რამაც ამ პოტენციალის გამოყენებას უნდა შეუწყოს ხელი.

შემუშავებულია აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია; ახლა გვჭირდება კერძო სექტორის მხრიდან ინიციატივებისა და ინვესტიციების გაჩენა. ვფიქრობ, ეტაპობრივად, ინტერესი აქტიური გახდება.

ასევე მინდა აღვნიშნო, სასათბურე მეურნეობების მნიშვნელობის შესახებ. სახელმწიფო არაერთი წელია ამ მიმართულების განვითარებაზე მუშაობს და ხელშესახები შედეგებიც არსებობს. 2024 წლიდან ახალი პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ მოქმედებს, რომელსაც 113 ბენეფიციარი უკვე ჰყავს. 23 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნისათვის გაცემულია 20 მლნ ლარზე მეტი სესხი. 24 თვის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო სრულად ფარავს.

შეხვედრები გვქონდა ჩვენი უწყებების – სურსათის და სატყეო სააგენტოების, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. მათგან მოვისმინეთ მიმდინარე საქმიანობის და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. დასახული მიზნების მისაღწევად ინსტიტუციების გაძლიერებაზე ვმუშაობთ და ეს პროცესი უწყვეტია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით რეგიონში მოქმედ საწარმოებში მიმდინარე საქმიანობას და ფერმერებს შეხვდა.

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებსაც შეხვდა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა შიდა ქართლის სატყეო სამსახურის რეაბილიტირებული ოფისიც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები