ტრამპი აცხადებს, რომ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის მთავარი სამიზნე უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა იყოს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.

ეროვნული დაზვერვის (DNI) დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, იუსტიციის დეპარტამენტს სისხლის სამართლის საქმეები გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ობამას წარმომადგენლები „ღალატურ შეთქმულებაში“ იყვნენ ჩართულნი.

ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან ვიზიტის დროს, ოვალურ კაბინეტში კითხვის დასმისას, თუ ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული იუსტიციის დეპარტამენტი, ტრამპმა ობამაზე მიუთითა.

„იმის საფუძველზე, რაც წავიკითხე, და მეც იგივე წავიკითხე, რაც თქვენ, ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა. მან დაიწყო ეს ყველაფერი. [მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო] ბაიდენი მასთან ერთად იყო, [FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კომი იყო იქ და [DNI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კლეპერი, მთელი ჯგუფი იყო იქ. [CIA-ის ყოფილი დირექტორი ჯონ] ბრენანი. ისინი ყველა ერთ ოთახში იყვნენ.

თუ ამ დოკუმენტებს დააკვირდებით, იქ ის უტყუარად არის მხილებული და ეს იყო პრეზიდენტი ობამა. ეს არ ყოფილა ბევრი ადამიანი, თუმცა ისინიც იყვნენ. მაგრამ ბანდის მეთაური იყო პრეზიდენტი ობამა, ბარაკ ჰუსეინ ობამა, გსმენიათ მის შესახებ? ის დამნაშავეა, ეს კითხვას არ ექვემდებარება. ეს იყო ღალატი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები