რევაზ სოხაძე ლანდშაფტისა და ურბანული დაგეგმარების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების პროექტებში ლანდშაფტური და ურბანული კომპონენტების ინტეგრირების მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ გადაადგილების გაუმჯობესებას, არამედ ეკოლოგიური, სოციალური და ვიზუალური ფაქტორების გათვალისწინებასაც.

„აღინიშნა გზის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების მნიშვნელობა, რაც ამცირებს მტვერსა და ხმაურს, აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგრადობას და ვიზუალურ გარემოს. გამწვანებული ზონები ქმნის კეთილმოწყობილ სივრცეს როგორც მგზავრებისთვის, ისე გზის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობისთვის.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამინისტროს ინიციატივა – ჩატარდეს ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პოტენციური ადგილების პროექტირება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალურ გზებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით და კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები