შალვა პაპუაშვილი: იმ ხალხს, ვინც გვიგეგმავდა მეორე ფრონტს, აინტერესებს ტერიტორია, რომელიც გამოსაყენებელია რუსეთის მიმართ მათი პოლიტიკის განსახორციელებლად, იარაღი უნდა ვყოფილიყავით მეორე ფრონტის სახით
იმ ხალხს, ვინც გვიგეგმავდა მეორე ფრონტს, არც ქართველი ხალხი აინტერესებს, არც ჩვენი ისტორია, არც ოჯახური ღირებულებები და არც გამჭვირვალობა, აინტერესებს ტერიტორია, რომელიც გამოსაყენებელია რუსეთის მიმართ მათი პოლიტიკის განსახორციელებლად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ჩვეულებრივი იარაღი უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტის სახით.
„ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არაფერს იჯერებენ დედამიწის ზურგზე და არიან „დიფ სთეითის“ პროპაგანდის ჩვეულებრივი სასარგებლო იდიოტები, ახლახან დაატარებდნენ იმ ფოტოს, სადაც ჩანდა ფრენების გადამისამართება, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის წარმოშობასთან ერთად როგორ დაცარიელდა ფრენებისგან სამხრეთი ტერიტორია, ჩრდილოეთიდანაც ეს მარშრუტები არ გამოიყენება და ყველა ეს მარშრუტი გადამისამართდა საქართველო-აზერბაიჯანის, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. აი, მშვიდობის ღირებულება რაში არის. ხომ დაინახა ყველამ? ომის ფასი რა არის, ესეც ხომ დაინახა ყველამ, როდესაც სულ მცირე ამ რუკას დახედა.
ასე რომ, არის მცდელობა, ცეცხლის რკალი შემოარტყან რუსეთს და ამაში იყენებენ ყველანაირ ინსტრუმენტს და საქართველო ამისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო საზღვარი, იმით, რომ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ფაქტობრივად, უშუალო შეხების ხაზზე ვიმყოფებით. ასე რომ, აქ აფეთქებას სჭირდება ხუთი წუთი, რომ ააფეთქონ სიტუაცია საქართველოში, როგორც კი მათთვის საჭირო ხელისუფლება იქნება საქართველოს სათავეში.
თავისი პირით ხომ თქვა რადიკალურმა ოპოზიციამ, რას გააკეთებდნენ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად რომ ყოფილიყვნენ. დააწესებდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რას მიიღებდნენ? მიიღებდნენ ეკონომიკურ დარტყმას რუსეთისგან. ისინი დააწესებდნენ პოლიტიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, ეთნიკურად რუსების მიმართ აქ ექნებოდათ ყიჟინა, რაც ვნახეთ მაშინ, რით დასრულდა – ქვა ესროლეს რუსი გარეგნობის ადამიანს ჭავჭავაძის გამზირზე, რადგან ასეთი ისტერია შექმნეს რუსი ადამიანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ბოლო ეტაპი იქნებოდა ის, რომ იქნებოდა სამხედრო ავანტიურა, საბოლოო ჯამში, რომელიც ვიცით, როგორ განვითარდებოდა.
კურსკი არის მაგალითი მეორე ფრონტისა, თავისი მასშტაბებით, ზუსტად ეს იქნებოდა საქართველოში. ჩახედოს ყველამ რიცხვებს, დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მონაწილეობდა ოპერაციაში, დაახლოებით 60 ათასი რუსი სამხედრო იყო ჩართული კურსკის ტერიტორიაზე ბრძოლაში. ჩახედონ 2008 წლის რიცხვებს. ზუსტად იგივე იყო საქართველოში. თავის დროზე რომ არ გამოუვიდათ მეორე ფრონტი საქართველოში, მეორე ფრონტი გაიხსნა კურსკში. ასე რომ, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინმეს სჭირდებოდა თუ არა მეორე ფრონტი, მოუსმინოს პრეზიდენტ ზელენსკის, როგორ ასაბუთებს კურსკის საჭიროებას მეორე ფრონტისა და დღემდე როგორ ამართლებს ამ ოპერაციას, რადგან დააკავეს იმ ტერიტორიაზე რუსეთის არმია. ზუსტად ეს ფუნქცია და ეს ამოცანა შესძინეს მაშინ საქართველოს, როგორც ტერიტორიას, თორემ ის ხალხი, ვინც აქ გვიგეგმავდა მეორე ფრონტს, იმას არც ქართველი ხალხი აინტერესებს, არც საქართველოს ისტორია, არც ჩვენი ოჯახური ღირებულებები და არც ჩვენი გამჭვირვალობა, აინტერესებს ტერიტორია, რომელიც გამოსაყენებელია რუსეთის მიმართ მათი პოლიტიკის განსახორციელებლად. ჩვეულებრივი იარაღი უნდა ვყოფილიყავით მეორე ფრონტის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა,