“თბილისში გამოძახებების, დაახლოებით, 60-70% გველხოკერასთან დაკავშირებითაა, რომელიც უწყინარი არსებაა, წელს 10-მდე გიურზა მყავს დაჭერილი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული რიცხვი არ არის” – ჰერპეტოლოგი

ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ განსაკუთრებული არაფერი ხდება და ჩვეულებრივი სიტუაციაა, ისეთივე, როგორიც წინა წლებში იყო. როგორც მამუკაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქში გამოძახებების დაახლოებით 60-70% გველხოკერასთან დაკავშირებითაა, რომელიც უფეხო ხვლიკია და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ყოველ წელს, ზაფხულის დღეების დადგომასთან ერთად დედაქალაქსა და მთლიანად საქართველოში ქვეწარმავლების გამოჩენასთან და აღმოჩენასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძალიან ხშირად არის ხოლმე იმ კუთხით, რომ თითქოს ბევრია, ამ მხრივ რაღაცა განსაკუთრებული წელია და ა.შ. ეს, ძირითადად, იმითაა განპირობებული, რომ სოციალურ ქსელში დაჭერილი ქვეწარმავლების ფოტოები აქტიურად ვრცელდება. წელსაც [ქვეწარმავლების გავრცელება] ისეთივეა, როგორც წინა წლებში იყო, განსაკუთრებული არაფერია, მაგ მხრივ ჩვეულებრივი სიტუაციაა.

ქვეწარმავლები ჩვენს დედაქალაქში ოდითგანვე ცხოვრობდნენ. თბილისში ყველა უბანში არიან, ისევე როგორც მთლიანი საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად, გამოძახება ყველა უბნიდან ხდება. დედაქალაქში გამოძახებების დაახლოებით 60-70% ხოკერასთან დაკავშირებითაა, რომელიც რეალურად გველი არ არის, უფეხო ხვლიკია, სრულიად უწყინარი არსებაა და ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

ჩვენს დედაქალაქში გიურზებიც ცხოვრობენ. მინდა, მაყურებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა საპანიკო ფონი არ შევქმნათ. დედაქალაქში არის ადგილები, ძირითადად, შემოგარენში, სადაც გიურზის გავრცელების არეალია და შესაძლებელია, მათთან შეხვედრის მომენტი გვქონდეს. მე პირადად, წელს უკვე, დაახლოებით 10-მდე გიურზა მყავს დაჭერილი, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული რიცხვი არ არის. ჩვეულებრივადაა, როგორც ყველა წელს. მათი გავრცელების არეალი, ძირითადად, არის: ლილოს ტერიტორია, აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა ტაბახმელა, შინდისი”, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები