როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში ნახსენები არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ის დღეს დილით დაიღუპა.
„ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სიყვარულით იყო გარშემორტყმული.ძლიერი მწუხარებით, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ, გატყობინებთ, რომ დღეს დილით ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი გარდაიცვალა“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
როკის ლეგენდამ ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.
აღსანიშნავია, რომ ოზი ოსბორნმა პოპულარობა 1970-იან წლებში, ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში მოიპოვა. მან ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა.
2011 წელს იგი კვლავ Black Sabbath-ს დაუბრუნდა. მომღერალს წარმატებამ „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება შესძინა.