„უზომოდ უყვარდა ადამიანები. მისი შთაგონების წყარო იყო სიღნაღი და ალაზნის ველი“ – პოეტ მერი ბარნაბიშვილის შვილი დედაზე, და ერთი სიმღერის ისტორია: „როგორ დავემდურო ბედს“…

ექიმისა და პოეტის მერი ბარნაბიშვილის ოჯახში დაიბადა. პროფესიით იურისტია. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალში.
დედის ავადმყოფობის პერიოდიდან, ოჯახური ტვირთის სიმძიმე მას დააწვა. 3 წლის განმავლობაში უვლიდა ჩაწოლილ დედას… ამჟამად მოხუც მამას უვლის. უყვარს ლიტერატურა, ქარგვა, ბუნება. ერთხანს მათემატიკაშიც  ამზადებდა ბავშვებს. – პორტალ „კვირის“ სტუმარია მაია მაზიაშვილი.

  ბავშვობა. ოჯახი…  პოეტის და ექიმის მერი ბარნაბიშვილის ოჯახში იზრდებოდით…  
–   ბავშვობა ის პერიოდია, როდესაც ყველაფერს თავიდან  ეცნობი. მათ შორის ოჯახის წევრებს. ბევრი რამ იყო საინტერესო – ბუნების მრავალფეროვნებიდან დაწყებული, უამრავი ამბით, რომლებსაც ახლობლებისგან, სკოლის პედაგოგებისგან ისმენ.

მერი ბარნაბიშვილი

გვზრდიდა სამ შვილს, ჰქონდა უამრავი საქმე როგორც ოჯახში, ისე  სამსახურში. მუშაობდა კარდიოლოგად სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში. გარკვეული  განრიგით უწევდა მორიგეობა, იმ დღეს მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში. მიუხედავად ამისა,  ყოველთვის ჰყოფნიდა სითბო და სიყვარული  მომლოდინე შვილების მიმართ. მახსოვს, როგორ  მონატრებას განვიცდიდი.
დედა  ისვენებდა  წიგნების გარემოცვაში, კითხულობდა ანდა წერდა. წიგნები და პერიოდული პრესა მისი  ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ფოსტალიონი  ჩვენს ჭიშკართან  დატოვებული  ჟურნალ-გაზეთების შემდეგ  განიტვირთებოდა და ამოისუნთქავდა. ლექსის დაწერას თავისუფალ დროს ახერხებდა. შეეძლო გვიანობამდე  მაგიდის ნათურის სინათლეზე ეწერა.
– სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ცხოვრობდით, მისი დედმამიშვილებიც ექიმები იყვნენ. შვილებმა რა პროფესია აირჩიეთ?
დედამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ფილოლოგიურზე ჩააბარა, ერთი წელი ისწავლა, ნაკლებ საინტერესოდ მოეჩვენა და თავი მიანება, მომდევნო წელს კი  სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მისი მონათხრობის  მიხედვით: „მეოთხე  კლასში  ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელი ნერვულ სისტემაზე რაღაცებს რომ გვიყვებოდა,  ისეთი ზერეალური  მომეჩვენა ყველაფერი, რომ შევეკითხე,  ნერვის დანახვა შეიძლება თუ არ ჩანს-მეთქი“.
დედა ფიქრობდა, რომ მწერლობა და ექიმობა ერთმანეთს ავსებს და ორივე მართლა ადამიანთმცოდნეობაა… მას ხიბლავდა მშველელის როლი.
სამწუხაროდ, არცერთი შვილი არ გავყევით მის პროფესიას, ერთმა  ეკონომიური, მეორემ იურიდიული და მესამემ ფიზიკის  ფაკულტეტი ავირჩიეთ.
–   საინტერესო ამბავი დედის ცხოვრებიდან?  

შეხვედრა მწერალ რევაზ ინანიშვილთან სიღნაღში. მერი ბარნაბიშვილი, ამირან გოდერძიშვილი, რევაზ ინანიშვილი.

– საინტერესო იყო  შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, მახსოვს ჩვენი სტუმრობა რევაზ ინანიშვილთან, მისი მეუღლის, ქალბატონ  როზას გულითადი მასპინძლობა და მზრუნველი მოპყრობა, მაშინ მთლად ბავშვი ვიყავი ჭირვეული ხასიათით, მან დამაძლევინა ქათმის ხორცის ზიზღი გემრიელად შეზავებული საცივით. საკუთარი ხელით და მოფერებით რომ მაჭამა.
მიუხედავად ჩემი ბავშვობისა, საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა თათია ხაინდრავა ზღაპრული  გარეგნობით და  ხმის საოცარი ტემბრით. ერთ-ერთი მონო სპექტაკლის დროს ჰყვებოდა და ფანტავდა ფურცლებს, რამაც  დიდად გააოცა ჩემი უმცროსი ძმა.
მახსოვს შეხვედრები აკაკი ბაქრაძესთან, რომელიც მთელი ეროვნული მოძრაობის ძალას და იდეას მოიაზრებდა ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, მათ უნარსა და სულიერ სიძლიერეში.
 პირველად როდის დაწერა ლექსები?
– ლექსებს წერდა ბავშვობიდან, როგორც იხსენებდა: „მეცხრე კლასში ხელნაწერი ჟურნალი გამოუშვა ჩვენმა კლასმა. მთელი რომისა და საბერძნეთის ისტორია  გალექსილი მქონდა“.
ძალიან იყო  გატაცებული  მათემატიკით, ფიზიკით, ქიმიით… ფიქრობდა, რომ  მეცნიერება  პოეზიაც არის. ამოცანების ამოხსნა, რთული საკითხების გარკვევა ლექსის ტოლფასს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანსო. ღიმილით იხსენებდა  ბავშვობისდროინდელ ერთ-ერთ  ლექსს:

„მე დიდი მაგნიტის პატარა ატომიც
იქ მივქრი, სადაც ქრის  სიცოცხლის ქარი
მეც  იმის  თვისებებს ვამჟღავნებ რადგანაც
მაგნიტის  ატომიც მაგნიტი არის“.

რა აძლევდა შთაგონებას?
– განსაკუთრებულად უყვარდა ბუნება, გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდები, რაც მის ლექსებშიც აისახა. უყვარდა  ადამიანები, სიკეთე. მისი შთაგონების წყარო იყო სიღნაღი და ალაზნის ველი. ამბობდა, რომ: ადამიანის გაჩენა იქ, სადაც ადამიანი იბადება, ბუნების დიდი კანონზომიერებით არის  განპირობებული, დიდი აუცილებლობა ხარ შენ ამ  მიწისთვის და ეს მიწა შენთვისო.
– ერთი ლექსის ისტორია…
– ლექსი „სკოლა-ინტერნატის ბავშვს“ რეალურ ამბავზეა,როდესაც მასთან, როგორც პედიატრთან, მიიყვანეს  ბავშვები ბოდბის სკოლა-ინტერნატიდან, ამ ბავშვების საერთო მდგომარეობამ და ერთ-ერთის განსაკუთრებულმა  მოწყენილობამ  ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, და ამბავიც ისე განვითარდა, როგორც ლექსშია:

„წამალს რომელი სვამს წყნარად,
ხმა შენც ამოიღე, შვილო,
შორსა გყავს დედა და მამა,
სიჩუმეს ამიტომ ცდილობ?
– ამაღამ გადაიღებს თოვას,
ხვალე დედაშენი მოვა.
ოღონდ ნუ იქნები ჩუმად,
გული არ იტკინო რამით,
მარტო მივატოვებ სტუმარს,
შენს გვერდით ვიქნები ღამით“.

 მერი ბარნაბიშვილს გამოცემული ჰქონდა რამდენიმე კრებული. კრებულიდან კრებულამდე… 
– მისი ცხოვრება დატვირთული იყო  მრავალი მოვლენით, ოჯახურით, პროფესიულით. თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან. მისი ლექსები იბეჭდებდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს ანიჭებდა ახალი კრებულის დაბადება. მისი ბოლო წიგნი „თუ რამე ძალმიძს“, საკუთარი ხარჯით გამოიცა,1992 წელს.
ვერ ვიტყვი,  რომ ეს ხარჯები ვერ დაფარა ამ წიგნმა, მაგრამ იყო გარკვეული სირთულეებიც.ზოგიერთმა წიგნის გამყიდველმა მიითვისა  თანხა.
პირველად ვის უკითხავდა ლექსს?
–   ალბათ უახლოეს გარემოცვას,ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
 დედა მეგობრობდა პოეტ მერი ბიწაძესთან, რომელმაც მშვენიერი ლექსი მიუძღვნა:
,,სიბრძნის ქალღმერთის მშვიდი ღიმილით
სნეულთ სიცოცხლის საკმეველს უკმევ,
სიღნაღს ამაღლებ მზედ შენი ლექსით
და ნუკრიანში ამრავლებ ნუკრებს…
მე გარქმევ ნეტარს,
რადგან ქვეყანას
მისაგებელი მიაგე უკვე“…
ვისთან მეგობრობდა კიდევ დედა?

მერი ბარნაბიშვილი და მერი ბიწაძე

– ერთ-ერთ წერილში მერი ბიწაძე ამ ლექსთან დაკავშირებით დედას  სწერდა:„კინაღამ დამავიწყდა, შენზე ერთი პატარა ლექსი დავწერე. ხომ იცი, ჩემი მდგომარეობა,სულ რამდენიმე ახალი ლექსი დავწერე, მერე გამოგიგზავნი. აგონიაში მყოფმა დავწერე ისინი-სიკვდილის  შიშ დაუფლებულმა. შენზე  ბევრი რამის დაწერა  მინდა, მაგრამ  ნაუცბათევად ეს დავწერე. ვიცი, არ მოგეწონება, მაგრამ  კეთილი გულით  მოძღვნილი  არ დაიწუნება“.
თავის მხრივ  დედაჩემი მერი ბიწაძეს სწერდა: „მე მინდა  ჩემი ბავშვების სულში ჩარჩე შენ, როგორც სიკეთის და  კეთილშობილების საწყისი და მათაც იგრძნონ შენი სიახლოვის ის დიდი სიამე, რითაც აღვსილი იყო  ჩემი და-ძმა“. მერი ბიწაძე  ჩემი ბავშვობის კეთილი მოგონებაა. იმ გვირილას მაგონებს, თავად  ლექსი რომ  უძღვნა:

გვირილა

ფართოდ გაუღია მზისფერი თვალები,
ხამლად ერთი პეშვი მიწა უკმარია,
არავის არ ეძებს,
არავის არ ელის,
კორდზე მარტოდმარტო
დგას და… უხარია…

დედას ფართო წრე ჰყავდა მეგობრების,ყველას ჩამოთვლა  ალბათ გამიჭირდება.
როგორ დაიწერა სიმღერა „როგორ დავემდურო ბედს“?
–  ამ ტექსტზე  ორმა სხვადასხვა კომპოზიტორმა შექმნა სიმღერა. ერთის ავტორია  ზურაბ ბოკუჩავა, მეორის  ალექსანდრე პელეგი.
ჩვენთვის  ამ სიმღერების შესახებ არაფერი არ იყო ცნობილი. წლების შემდეგ, როდესაც შევეხმიანე ბატონ ზურაბ ბოკუჩავას, ამიხსნა, რომ, მეუღლეს  მიუძღვნა ეს სიმღერა დაოჯახებამდე ერთი წლით ადრე -1983 წელს.
„ტექსტს სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობრის, ნუგზარ დვალის ოჯახში ხელნაწერის სახით წავაწყდი და ისე მომეწონა, იმდენად მელოდიურად ჟღერდა, რომ სიმღერა თითქოს თავისით დაიბადა!! ერთადერთი მაფიქრებდა ის, რომ სიმღერისთვის ტექსტი ძალიან მოკლე  იყო და ჩემი ბავშვობის მეგობარს გია ნიჟარაძეს, რომელიც პაოლო იაშვილის შვილიშვილი გახლავთ, ვთხოვე, ერთი სტროფით დაესრულებინა, რაც მან უნაკლოდ შეასრულა და ასე დაიწერა ეს სიმღერა. სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში ავტორის ვინაობა არ ვიცოდი, ძალიან დასანანია! რამდენიმე წლის წინ რადიოეთერში ნია ბახტაძის გადაცემაში ვმონაწილეობდი, ამ სიმღერის შესრულების შემდეგ აღვნიშნე, რომ  ტექსტის ავტორის ვინაობა არ ვიცოდი “.
დაახლოებით იგივე განმეორდა მეორე სიმღერის შემთხვევაშიც. ბატონმა ალექსანდრემ თავის მეუღლეს მიუძღვნა ეს სიმღერა. პოეტის გვარი  შეცდომით იყო მითითებული. ამ სიმღერაში ბატონმა ალექსანდრემ  გააერთიანა დედას ორი ლექსი.
რატომ მიივიწყეს მერი ბარნაბიშვილი?
– ბოლო დროს გამოჩნდა სოციალურ ქსელში ასეთი პოსტები, თუმცა გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,  მის პოეზიას ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები. შევეცდები მერი ბარნაბიშვილის ლექსით გიპასუხოთ ამ კითხვაზე:

ვიღაც გულგრილად მითვლიდა დღეებს
და არ უსმენდა ველთა ღაღადისს,
მე კი ოქტომბრის მზენასვამ ტყეებს
ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრჯერ ვნახავდი.
არ ისვენებდა თვალი ელამი,
ვერც ვამტყუვნებდი, ვერცა ვძრახავდი,
ზოგმა წაიღო ლურჯი მელანი,
ზოგმა წამართვა თეთრი ქაღალდი.
და თუმც გულგრილად მითვლიდნენ დღეებს,
და არ უსმენდნენ ველთა ღაღადისს,
მე ხომ ოქტომბრის მზენასვამ ტყეებს
ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრჯერ ვნახავდი.

და კიდევ ერთი მისი ლექსი მახსენდება:

* * *

არა მწყალობდა არცერთი მეფე,
არ მიფარავდა არცერთი ღმერთი,
დროს რაც შეეძლო მართმევდა მე ფერს,
მე ვიყავ მე და მე ვიყავ ერთი.
და როცა ცისკრის ზარები რეკენ
და მიწა ზოგჯერ გეცლება ფერხთით,
მე ერთად შემხვდნენ ღმერთი და მეფე,
მე ერთად გავხდი მეფე და ღმერთი.
მას შემდეგ ბევრი გავიდა ხანი,
ქვეყანა იწვის იმ გზნების ცეცხლით,
აღუვსებელნი აღივსნენ ზღვანი,
გზები სავსეა ოქროთ და ვერცხლით.

და ალბათ მოვა ის დროც როცა „აღუვსებელნი აღივსნენ ზღვანი, გზები სავსეა ოქროთ და ვერცხლით“. ქვეყანაში გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა და საზოგადოება პოეზიისთვისაც მოიცლის.
სამომავლო გეგმები…
– მას დარჩა ლექსები, რომლებსაც არ უნახავთ დღის შუქი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ მისი ლექსების ახალი კრებულის გამოცემაზე. რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები