როგორ მოვიქცეთ გველის ნაკბენის დროს – ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის რჩევები

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს – ამ საკითხთან დაკავშირებით ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პირობითად ავიღოთ ის, თუ სად შეგვხვდება ქვეწარმავალი, ეს მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი საცხოვრებელი სახლის, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგვხვდა და აუცილებელი ხდება შესაბამისი ჯგუფის გამოძახება, რეკომენდებულია, პირველ რიგში, გველის გადაადგილების მიმართულებას შორიახლოდან ვადევნოთ თვალი, რაც შემდგომში ჯგუფს მის მოძიებას და დაჭერას გაუადვილებს. თუ ბუნებაში შეგვხვდება, აუცილებლად მოვერიდოთ ( ყველა შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ, რა თქმა უნდა), გამოვიწიოთ და გველს იმის საშუალება მივცეთ, რომ თავისი გზით წავიდეს. შემთხვევების 99%-ში ასეც ხდება, თავისით წავა, რადგან, როგორც ადამიანებს გვეშინია, ქვეწარმავალს ჩვენზე ბევრად უფრო მეტად ეშინია და ყველა შემთხვევაში ეცდება, ადამიანთან შეხვედრის დროს ტერიტორიას თავი გაარიდოს.

მინდა, ხაზგასმით გამოვყო, რომ დაკბენის შემთხვევები ძალიან იშვიათია, თუ შემთხვევით ფეხი არ დაადგა ადამიანმა, ან დაჭერა არ დაუპირა, ან ინტერესისთვის რაღაცა ისეთი ქმედება არ გამოხატა, რაც შემდგომ გველს აიძულებს, რომ დაგესვლა მოახდინოს. ისე არ ხდება, რომ გამოექანოს, გამოგვეკიდოს . პირველ რიგში, გველს საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავისით წავიდეს”- განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის დაკბენის შემთხვევაში რეკომენდებულია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის წყლის მიღება, ასევე ნაკლები ნერვიულობა, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს.

“დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად 112-ს მივმართოთ, რათა პაციენტის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.

რეკომენდებულია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწოლა, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სითხის, ხაზგასმით ვამბობ – წყლის მიღება, ასევე ნაკლები ნერვიულობა, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს და მოვლენები არ დააჩქაროს. ისევ და ისევ: აუცილებელია, საექიმო განყოფილებას მივმართოთ. შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში ერთ-ერთი ნიშანი რაც არის – გართულებები კბენიდან ეგრევე იწყება. მე პირადად, საბედნიეროდ, გამოცდილება არ მაქვს , ჩემთვის შხამიან გველს არ უკბენია, თუმცა, როგორც გადმოცემით და ასევე ჩემი კოლეგებისგან ვიცი, ნაკბენი ადგილი სივდება და შემდგომი პროცესები ვითარდება, რაც ძირითადად, ჩაშავება- ჩაწითლებით, ნაკბენი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის გასიებით და მწველი ტკივილით გამოიხატება”, – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები