ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “დღეს გამოცხადდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტების მორიგი ნაკადი შეემატა – 26 ათასზე მეტი ახალგაზრდა სტუდენტი გახდა.
ყველა პირველკურსელს გილოცავთ ამ წარმატებას. ვიცი, ეს როგორი სიხარულია, დღესაც კარგად მახსოვს ის ემოცია, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას მქონდა.
თქვენს ცხოვრებაში ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი – თქვენ უნდა მიიღოთ ცოდნა და განათლება და ამასთან ერთად უნდა ჩამოგიყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გარეშეც შეუძლებელია, ნამდვილ მოქალაქედ იქცე. განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო.
მთელი ჩვენი მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის განათლება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სექტემბერში იწყება სწავლა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში და ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტით და ინიციატივით შევხვდებით ახალ სასწავლო წელს.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს. მთავრობა კი, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს სწავლასა და განვითარებაში”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები