“უმჯობესია, იყოთ იქ, სადაც თქვენი ქვეყნის დროშებს არ წვავენ” – პესკოვი რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საქართველო დატოვეს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს გადაადგილება მთელს მსოფლიოში თავისუფლად შეუძლიათ, მათ არავინ უშლის ხელს – ბედნიერება სხვაგან ეძიონ, მაგრამ უმჯობესია, იყვნენ იქ, სადაც მათი ქვეყნის დროშებს არ წვავენ.
ამის შესახებ მან რუსეთის იმ მოქალაქეებზე თქვა, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წელს კრემლის საყოველთაო მობილიზაციას საქართველოში გამოექცნენ და ახლა, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, ისევ სამშობლოში გაქცევა გადაწყვიტეს.
„არ მგონია, რომ ეს რაიმე ტენდენცია იყოს და, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ამ ადამიანების რაოდენობის გადაჭარბება. მაგრამ ასეთი მოქალაქეები არიან. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად უკეთესის ძიებაში არიან. მაგრამ არ ესმით, რომ საუკეთესო, ალბათ, სამშობლოა. ამავე დროს, მათ არავინ უშლის ხელს ეძიონ ბედნიერება სხვაგან, სადაც არ არის სახალხო მღელვარება და არ წვავენ შენი ქვეყნის დროშებს”, – თქვა პესკოვმა.
მანვე დასძინა, რომ „არსებობს მოსახლეობის ისეთი ნაწილი, რომელიც ძალიან, ძალიან რეაქტიულია და, გარკვეული მოვლენების ფონზე, ადვილად იცვლის საცხოვრებელ ადგილს მოკლე თუ საშუალოვადიან პერიოდში”.