“ნათია ჯანაშიას სიმართლის დამამტკიცებელი არგუმენტები, მონიტორინგის პროცესში, არ გამოკვეთილა” – გიორგი კაპანაძე

“გაკვირვებულები ვართ იმ არაჯანსაღი დამოკიდებულებით, რაც “ბრიტანულ – ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან გამოიკვეთა აქციონერთა შორის მიმდინარე დავის საზოგადოებრივი მონიტორინგისას, რომელსაც აფბა მეორე თვეა აწარმოებს.

ბუნებრივია, ბულინგის იმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც ჩვენს მიმართ, სოც. ქსელებში მათ მიერ მხარდაჭერილი რესურსებიდან ვაწყდებით, რეაგირების გარეშე ვტოვებთ. თუმცა თავად ბულინგის  ფაქტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს დავის მონიტორინგისას ჩვენს მიერ გამოკვლეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, არგუმენტირებული პოზიცია უბრალოდ არ გააჩნიათ”, – აღნიშნა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ “კვირასთან” ინტერვიუში.

– გიორგი, თითქმის ორი თვე შესრულდა, რაც აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს. რა შეგიძლიათ თქვათ, ამ ეტაპზე რა მთავარი მიგნებებია, რაც კვლევისა და მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა?

იმთავითვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგის პროცესის დასაწყისშივე აფბამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მუშაობისას დაეყრდნობოდა მხოლოდ საჯარო სივრცეში არსებულ და მხარეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით, ამა თუ იმ უწყებიდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით გამოთხოვილ ცნობებს. ამ პრინციპით ვმუშაობთ კიდეც და არც შემდგომში ვგეგმავთ ამ ხაზიდან გადახვევას.

შესაბამისად, არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას მხარე “საქართველოს განათლების ჯგუფს” რამდენიმე პრეტენზიას უყენებს. კერძოდ, ესენია, რომ  მათ იაფად გაყიდეს წილი; რომ გარიგების თანხა სრულად არ მიუღიათ; რომ  კონტრაქტის ვადის გასვლის მიუხედავად, ის და მისი მეუღლე სკოლის მმართველობას უკანონოდ ჩამოაშორეს; და რომ „საქართველოს განათლების ჯგუფს” სკოლის კაპიტალი, ნათია ჯანაშიას მხარის წილობრივი მონაწილეობის გარეშეც უნდა შეევსო კაპიტალში ოქროყანის მიწის ნაკვეთის შეტანით.

თქვენი დაკვირვების შედეგად, ჩამოთვლილთაგან, რომელი პრეტენზიაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი?

– გეტყვით პირდაპირ, რომ საფუძვლიანი არ არის არცერთი. არც ერთ ამ პრეტენზიას თან არ ახლავს რაიმე ტიპის დამაჯერებელი არა თუ საბუთი, ლოგიკური არგუმენტიც კი. მოდით, თანმიმდევრულად, შეძლებისდაგვარად მოკლედ, თითოეულ მათგანზე ვთქვათ.

დავიწყოთ პირველი საკითხით. როცა საუბარია, რომ მათ 2019 წელს სკოლის 70%-იანი წილი იაფად გაყიდეს, ამის საპირწონედ არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეტალიზებული დასკვნა, რომ ეს გარიგება სრულად შეესაბამებოდა იმ პერიოდის საბაზრო კონიუნქტურას და უფრო მეტიც, დოკუმენტში ნათქვამია, რომ წილში გადახდილი 29 309 905. 66 ლარი ნახევარ მილიონი ლარით  (სიზუსტისთვის – 545 ათასი ლარით) მეტია საბაზროსთან შედარებით.

ამ დასკვნის გამაბათილებელი რაიმე დასკვნა, შეფასება, ალტერნატიული მონაცემი, უბრალოდ არ არსებობს. ნათია ჯანაშიას ამ მიმართულებით დამადასტურებელი არგუმენტი არაფერი აქვს.

ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ მათ გარიგების საფასური სრულად არ აქვთ მიღებული, ეს ტყუილი გამოდგა, რამდენადაც დასტურდება, რომ გარიგების მეორე დღესვე, ნათია ჯანაშიას საბანკო ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა აღნიშნული თანხა – 29 309 905. 66 ლარი.

მესამეზეც მოკლედ შევჩერდეთ. ნათია ჯანაშიას მხარის ერთ-ერთი პრეტენზიაა, რომ ის და მისი მეუღლე უკანონოდ ჩამოაშორეს აკადემიის მენეჯმენტს. ამ საკითხის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ საკითხის მსგავსი რაკურსით ინტერპრეტირება ფანტაზიის ნაყოფია. რეალური ფაქტობრივი გარემოება კი არის ის, რომ მენეჯმენტ კონტრაქტის 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაჟორიტარმა აქციონერმა საკუთარი გადაწყვეტილებით, რომლის მიღების (უპირობოდ და ერთპიროვნულად) სრული იურიდიული უფლებაც ჰქონდა, ნათია ჯანაშია დაითხოვა მენეჯმენტიდან. კიდევ სხვა საკითხია, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საერთაშორისო აუდიტის მიერ გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებს – გაფლანგვა-მიტაცებას, რაც ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში გამოვლინდა და რამაც ჯამში 4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამ საკითხის კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ სწორედ ეს გამოვლენილი აუდიტირებული დარღვევები უდევს საფუძვლად სისხლის სამართლის ხაზით მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც “საქართველოს განათლების ჯგუფის” მხრიდან მიმართვისა და განცხადების საფუძველზე ფინანსური პოლიცია აწარმოებს.

თქვენ ახსენეთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე წარმოებაშია „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზე. ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე ამბობენ, რომ მათ მიმართვის საფუძველზეა საქმე აღძრული..

–  პარადოქსიც ეს გახლავთ, რომ “ბრიტანულ – ქართული აკადემიის” გარშემო ფინანსურ პოლიციაში მხოლოდ ერთი საქმეა აღძრული და ის წარმოებს “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე და იძიებს შესაძლო დანაშაულს, რაც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პერიოდში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება, რამაც კომპანია, როგორც უკვე ზევით ვთქვი, დაახლოებით, 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტით აზარალა. მეორე ან სხვა საქმე აკადემიასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ არსებობს.

ფაქტს, რომ ნათია ჯანაშია ფინანსურ პოლიციაში წარმოებულ გამოძიებას მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმდინარედ წარმოაჩენს, მე იურიდიულ შეფასებას ვერ მივცემ, მაგრამ საზოგადოებრივი და ლოგიკური პრიზმიდან კი შემიძლია ამას, ძალიან რბილად, მანიპულირება დავარქვა, რეალურად კი თაღლითობის დიდი დოზით შემცველი განცხადება.

ყველამ იცის და ფაქტია, ნათია ჯანაშიას საგამოძიებო სტრუქტურებიდან არ წარმოუდგენია მისი ნათქვამის არცერთი დამადასტურებელი საბუთი. უფრო მეტიც, დოკუმენტის ნომერი, რასაც ჯანაშია ასახელებს, ფიქსირდება „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ შეტანილ საქმეზე. რა გამოდის, რომ მისივე წინააღმდეგ აღძრული საქმის დოკუმენტს ჯანაშია წარმოადგენს, როგორც საკუთარ შეტანილს? თაღლითობა მეტი კი არაფერია.

– რას იტყვით ოქროყანის მიწის საწესდებო კაპიტალში შეტანაზე?

– ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე “საქართველოს განათლების ჯგუფს” ედავებიან, არის ის, რომ თითქოს მათ აკადემიის კაპიტალში უპირობოდ უნდა შეეტანათ ოქროყანის/ტაბახმელას მიწის ნაკვეთი.

ჩვენი მოკვლევის საფუძველზე იკვეთება, რომ “განათლების ჯგუფი” მზად იყო და შეიტანდა აღნიშნულ ნაკვეთს აკადემიის კაპიტალში, იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალში შენატანს განახორციელებდა ორივე აქციონერი საკუთარი წილობრივი პაკეტის (70/30) შესაბამისად. ეს პირობა, რომ მხარეთა შორის არსებობდა და შეთანხმებული იყო, დასტურდება მხარეთა შორის არსებული, საჯაროდ გავრცელებული, საქმიანი მიმოწერის იმ ფრაგმენტებიდან, სადაც დავით ცეცხლაძე “განათლების ჯგუფის” მენეჯმენტს თხოვნით მიმართავს, რომ მიეცეს საშუალება, კაპიტალში შენატანის მათზე რიცხული მოცულობა რამდენიმე ტრანშად დაყოფილად შეიტანოს. აღსანიშნავია, რომ “განათლების ჯგუფი” ამ თხოვნის შესრულებაზე მათ თანხმობას უცხადებს.

შესაბამისად, გაუგებარია, თუკი ჯანაშია-ცეცხლაძის მხარე კაპიტალში შენატანის მათი წილის განხორციელებას 4 ნაწილად დაყოფით ცდილობს, ანუ აპრიორი აღიარებს ამ ვალდებულებას, შემდეგ პერიოდში, კერძოდ დავის დაწყებიდან მხოლოდ დიდი პერიოდის შემდეგ, რა არგუმენტზე დაყრდნობით ითხოვს პარტნიორი მხარისგან მხოლოდ მისი მხრიდან კაპიტალის შევსებას (მიწის შეტანით), ისე რომ მის ვალდებულებას აღარ ახსენებს?

ნათია ჯანაშიას მხრიდან ამ გარემოების ახსნას და დადასტურებას, მოკვლევის პროცესში, არსად შევხვედრივართ. უფრო მეტიც, 2026 წლის 13 მარტს გამართულ აქციონერთა კრებაზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, და ეს საკითხი განხილული აქვთ ნათია ჯანაშიასა და მის მეუღლეს თავის ერთ-ერთ განცხადებაში, „საქართველოს განათლების ჯგუფი“ მზად იყო ოქროყანის ნაკვეთი შეეტანა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კაპიტალში ჯანაშიას მხრიდან შესაბამისი შენატანის განხორცილების პარალელურად, თუმცა ქალბატონი ნათია და მისი მეუღლე, წინააღმდეგი წავიდნენ.

– კიდევ რა ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთა, რაზეც არ გვისაუბრია და რაზეც ფიქრობთ, რომ შემდგომში მოგიხდებათ ყურადღების გამახვილება?

– აქამდე რა მომენტებიც მიმოვიხილეთ, უნდა ითქვას, რომ არის შავით თეთრზე არსებული ფაქტები, რომლებიც ძნელი წარმოსადგენია, რომ შემდგომში რაიმე სხვა გარემოებაზე დაყრდნობით, სხვაგვარად ინტერპრეტირდეს.

მაგრამ არსებობს ამ დავის სხვა მხარეც, რომელსაც მე ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მხრიდან საქმეზე ირიბი ზეწოლის მცდელობას დავარქმევდი.

აქ ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ მათი მხრიდან სადავო განცხადება შეტანილია ასევე ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში (დავის მიმდინარეობის პროცესზე ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ დაკვირვება). მიიღებს თუ არა წარმოებაში ამ განაცხადს ლონდონის სასამართლო, ეს ჯერაც უცნობია, მაგრამ თავად ფაქტი მრავლისმეტყველია, მით უფრო, იმაზე დაყრდნობით, რომ ლონდონის სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას, ნათია ჯანაშია, საქართველოში, პოლიტიკური ვექტორის ცვლილებით (ხელისუფლების გეზი რუსეთისკენ) და სასამართლო სისტემაზე აბსოლუტური ოლიგარქიული გავლენებით ხსნით და გასაგებად არაფერს ამბობს საკითხის ფაქტობრივ მხარეებზე. ნათია ჯანაშიას მხრიდან სახეზე გვაქვს აქციონერთა შორის ბიზნესდავის სრული პოლიტიზება და საქართველოს იმიჯის არაპროვოცირებული დაზარალების მცდელობა კერძო ინტერესების უხეში ფორმით და უსამართლოდ დაკმაყოფილების ხარჯზე.

დავის პროცესზე ირიბი ზეწოლის მცდელობებად უნდა აღვიქვათ ასევე ის ფაქტიც, რომ აქციონერთა კრებაზე, რომელიც, როგორც ზევით ვახსენე, 13 მარტს შედგა, ნათია ჯანაშია-დავით ცეცხლაძის (ჯანაშიას მეუღლე) წყვილმა, საკუთარი  არანორმატიული ქცევით, მცდელობა არ დააკლო, რომ კრება ჩაშლილიყო და მას კანონით განსაზღვრულ ვადაში, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის განცხადებით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილება ვერ მიეღო. ეს კი კომპანიის ფაქტობრივ გაჩერებას გამოიწვევდა.

ამავე სერიიდანაა საჯარო სივრცეში, კერძოდ თბილისი-ლონდონის ავიარეისზე მომხდარი ფაქტი, როცა დავით ცეცხლაძე სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა ბორტზე მყოფ “საქართველოს განათლების ჯგუფის” ხელმძღვანელ პირებს, რის გამოც ბრიტანულმა ავიახაზებმა თვითმფრინავის დასმის მუქარით მყისიერად მიუჩინეს ადგილი ცეცხლაძეს. საქმეს ბრიტანული პოლიცია იძიებს.

აღარაფერს ვამბობ სოცქსელში ჯანაშიასა და ცეცხლაძის მხრიდან და მათი სოცმედია რესურსების მხრიდან ჩვენი და ავტორიტეტული მედია ორგანიზაციების მიმართ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, წარმოებულ ბულინგზე, რაც პირდაპირი გაგებით ადამიანისათვის შეუფერებელ წყევლაში და კიდევ უფრო არანორმატიულ გამოხდომებში გამოიხატება. ასე ხდება მაშინ, როცა სათავეშივე განწირულ და უსამართლო ავანტიურაში გაებმები.

ერთი სიტყვით, ყველა ზემოთ აღწერილი გარემოება ცხადყოფს, რომ სადღეისოდ, მონიტორინგის პროცესში, აღნიშნულ დავასთან მიმართებით არ გამოკვეთილა არგუმენტები, რაც ნათია ჯანაშიას გაცხადებულ პოზიციას, მის სიმართლეს ან დოკუმენტური, ან თუნდაც ლოგიკური თვალსაზრისით დაამტკიცებდა.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შეიძლება არსებობდეს ის მოცემულობა, რომელიც დავის მიმდინარეობის მიმართულებას შეცვლის?

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ არ ვამთავრებთ მონიტორინგის პროცესს, გავაგრძელებთ დაკვირვებას და საზოგადოებას უფრო ინტენსიურად მივაწვდით შედეგებს. დაგვიგროვდა დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელსაც ამჟამად ვამუშავებთ და გვინდა დავის ასპექტები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო ფენებისთვის.

თქვენ კითხვას დავუბრუნდები და პასუხად ისევ იმ მიდგომას მოვიყვან, რითაც ჩვენი ორგანიზაცია ზოგადად სარგებლობს ამა თუ იმ პროცესის საზოგადოებრივი მონიტორინგის მიმდინარეობისას. ცხადია, ასეა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დავის შემთხვევაშიც.

კერძოდ, ვსაუბრობ იმაზე, რომ ნებისმიერი მოსაზრების გამოთქმისას, თუ დასკვნისას, ვეყრდნობით მხოლოდ საჯარო სივრცეში უკვე არსებულ/გამოქვეყნებულ, ან მხარეთა მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და არაფერს სხვას. ჩვენთვის მთავარი და უტყუარია მოცემულობა, ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი კონკრეტული საბუთები. მხარეთა მხრიდან ამა თუ ფაქტობრივი გარემოების ინტერპრეტაცია ან/და მათი ემოციურ პრიზმაში გადატანა, ჩვენს მოკვლევაზე, ბუნებრივია, გავლენას ვერ ახდენს.

ამ გადასახედიდან გამომდინარე, ისევ მიხდება იმის თქმა, რაც უკვე აღვნიშნე: საკითხთან დაკავშირებით ნათია ჯანაშიას მხარის მიერ გასაჯაროებული რაიმე კონკრეტული დოკუმენტი ჩვენ არ გვინახავს. მეორეს მხრივ, არსებობს “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, მედიასთან, საზოგადოებრივ და საჯარო ორგანიზაციებთან დაგზავნილი ელექტრონული წერილები, რომელიც შეიცავს კონკრეტიკას და ასევე არსებობს ამ მხარესთან წარსულში აფილირებული პიროვნების, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის ვრცელი წერილი, რომელში დაფიქსირებულ არცერთ სადავო მომენტზე ნათია ჯანაშიას მხარეს კონკრეტული და არგუმენტირებული, საბუთებით გამყარებული პასუხი, უბრალოდ არ გაუცია.

ნათია ჯანაშიას მხრიდან არსებობს, მხოლოდ ჩამონათვალი, გრძელი ნუსხა, სადაც მხოლოდ მის სურვილებსა თუ წარმოდგენებს ბრალდებების სახით ამოიკითხავთ. მაგრამ არც ერთ მათგანზე, ხაზს ვუსვამ, არც ერთ მათგანზე სამწუხაროდ, ამ ბრალდებებთან მიმართებით, ვერ აღმოაჩენთ არგუმენტირებულ, თანმიმდევრულ, კონკრეტულ, გონივრულ, ოფიციალური დოკუმენტებით გამყარებულ მსჯელობას.

ასეთი მოცემულობა კი, რომელიც ილუზორულ წარმოდგენებს ემყარება და კოჭლი იხვის (Lame Duck) სტრატეგიას ჰგავს, დამეთანხმებით, თავისთავად მრავლისმთქმელია, რაც ასევე თავისთავად, დაღმასვლის მანიშნებელი ფაქტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები