მაკა ბოჭორიშვილი – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.
„ბრიუსელიდან გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, მათ შორის ისიც, რომ თავად ევროკავშირის ელჩი იყო აღნიშნული ღონისძიების მონაწილე, იწვევს სამართლიან შეშფოთებას როგორც საქართველოს პოლიტიკური წრეების, ისე ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელსაც კარგად გვახსოვს, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ამიტომ ასეთი განცხადებები ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან აღქმული იყო, როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ცინიკურია ბრალდებები ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებოთ, როდესაც ქართული მხარის სამართლიან რეაქციას ანტიევროპულ რიტორიკად მოიხსენიებენ.
„დღეს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ბრალდებები, თითქოს საქართველოს ან ქართულ პოლიტიკურ ელიტას აქვს ანტიევროპული რიტორიკა. ხშირად სწორედ რიტორიკაზე აპელირებენ, როდესაც საუბარია იმ გარემოებებზე, რომლებიც ერთგვარად აფერხებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ცინიკურია ასეთი ბრალდებები მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იდგმება კონკრეტული აქტორების მხრიდან, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იღებენ თავად ამ ღონისძიებებში მონაწილეობას და შემდგომ ჩვენი სამართლიანი რეაქცია არის შეფუთული, როგორც ანტიევროპული რიტორიკა“, – აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა სწორედ არჩეულ ხელისფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.
„საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ როდესაც გვესმის მტკიცება იმისა, თითქოს ბრიუსელი ან სხვა ვინმე მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მის მისწრაფებებს, ამის დასტური იქნებოდა სწორედ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. დღეს საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავს ის ხელისუფლება, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა. თუკი ჩვენი ინტერესების დაცვაზეა საუბარი, პირველ რიგში სწორედ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლონ. Მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ განცხადებებსა და ნაბიჯებს სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ, განცხადებებს დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ამ განცხადებების მიზანი არის ერთადერთი – გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზება და კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.