მიხეილ სარჯველაძე: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში – კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება – კარგად და მაღალი ტემპით“

„საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე – ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევებიც. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში კვლევები, ეს იქნება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური თუ სხვა, ჩვენი ბენეფიციარებისთვის რეალურად არის ხელმისაწვდომი.

ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება ულიმიტოდ, სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის სტატუსისა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროგრამის წარმოდგენილი გაფართოების შემდეგ, ყოველთვიურად მზარდია დაფინანსების მოთხოვნების რაოდენობა – 2025 წელს, იგივე 2023-თან შედარებით 77%-ით არის გაზრდილი ონკოპაციენტების მკურნალობისთვის გაწეული ჯამური ხარჯი, ხოლო 1 ბენეფიციარზე დანახარჯის ზრდა, ამავე პერიოდში, 50%-ს აჭარბებს.

„ნამდვილად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის დაფინანსება გავხადოთ სისტემური და იქცეს საყოველთაო სტანდარტული ჯანდაცვის პროგრამის ნაწილად.

არის ასეთი პრაქტიკა, რომ მაგალითად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ასე ვთქვათ, მონიტორინგის რეჟიმში ყოფნა. ამისთვის კი საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამა თუ იმ ინსტრუმენტების გათვალისწინებით ხელმისაწვდომობა ნამდვილად არსებობს, თუმცა, შეიძლება განხილვა, რომ ეს იქცეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სისტემურ ნაწილად. ნამდვილად არ არის ისე, რომ პაციენტები და ზოგადად, ონკოლოგიის თემა დარჩენილია უყურადღებოდ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონკოთერაპიის კურსს, წლის განმავლობაში, ასრულებს, საშუალოდ, 3 000 ბენეფიციარი, რომელთაც ესაჭიროებათ შემდგომი მეთვალყურეობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შორის 60%-ზე მეტი შეადგენს იმ კატეგორიებს, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული კომპონენტით, ეკუთვნით რუტინული, თუ CT გამოკვლევები, შეუზღუდავად.

„სხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოკვლევების დაფინანსება მუდმივად განიხილება რეფერალური კომისიის მიერ, ხოლო ბენეფიციარების ნაწილი სარგებლობს კერძო სადაზღვევო სქემებით. კვლევების ნაწილი ხელმისაწვდომია სკრინინგის ფარგლებშიც.

ვფიქრობ, შეიძლება, რომ თუკი ამჟამად ასეთი ტიპის კვლევები ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ამის ნაცვლად ეს გავხადოთ სტანდარტული დაფინანსების ნაწილად. თუმცა, აქ მხედველობაში იქნება მისაღები ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება შესაბამისი დიფერენცირების გარეშე, ყველასთვის თანაბრად მისაწვდომობის უზრუნველყოფა (მაგალითად მათთვის, ვინც სოციალურად შეძლებულია, თუ დაუცველია, მათთვის, ვისაც აქვს კერძო დაზღვევა და არ აქვს და ა.შ.). აქ საფიქრალია, როგორი უნდა იყოს პროგრამის დიზაინი ასეთი დამატებითი შესაძლებლობის გაჩენისთვის.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში – კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ვინმეს შეიძლება, ამის წარმოჩენის სურვილი და მცდელობა ჰქონდეს. ნამდვილად ვითარდება ეს სისტემა; კარგად ვითარდება, მაღალი ტემპით ვითარდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს ამ მიმართულებით აქვს საკმაოდ კარგი წარმატებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგრესიც საკმაოდ შთამბეჭდავია და საქართველოს აქვს საკმაოდ კონკურენტული შესაძლებლობები, მათ შორის უპირველესად მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების სახით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები