პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი საწვავის გარეშე დასვა — რეალური, მაგრამ დაუჯერებელი ისტორია

1983 წლის 23 ივლისი ჩვეულებრივი  დღე უნდა ყოფილიყო. Air Canada-ს რეისი 143 — თანამედროვე Boeing 767 — მონრეალიდან ედმონტონისკენ მიფრინავდა. მგზავრები კომფორტულად იყვნენ მოკალათებულნი და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე მსოფლიო საავიაციო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დრამა გათამაშდებოდა. ცა მშვიდი იყო, სტაბილური ფრენა კი, არანაირ საფრთხეს არ მოასწავებდა.

მოულოდნელად, კაბინაში განგაშის სიგნალი გაისმა. პირველად მარცხენა ძრავა დადუმდა. ეკიპაჟმა იფიქრა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა რამდენიმე წუთში მეორე ძრავაც გაჩერდა. ამას მოჰყვა ისეთი რამ, რაც ფრენისას ყველაზე მეტად აშინებთ პილოტებს — აბსოლუტური სიჩუმე. ათასობით მეტრის სიმაღლეზე უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი საწვავის გარეშე დარჩა და უბრალო, გიგანტურ პლანერად გადაიქცა.

ძრავების გარეშე გაითიშა ელექტრონიკა და ჰიდრავლიკური სისტემების დიდი ნაწილი. თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა სიმაღლეს. კაპიტანმა, რობერტ პირსონმა და პირველმა ოფიცერმა, მორის კვინტალმა მიიღეს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება: ეპოვათ უახლოესი ადგილი დასაშვებად. არჩევანი ძველ სამხედრო აეროდრომზე, გიმლიზე შეჩერდა, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ იქ იმ მომენტში ავტორბოლა მიმდინარეობდა და ტერიტორია ხალხით იყო სავსე.

რობერტ პირსონი

მიწაზე მყოფებმა ჯერ უცნაური „სისინი“ გაიგეს, შემდეგ კი, დაინახეს ცაში გამოჩენილი უზარმაზარი რკინის ფრინველი, რომელიც ხმაურის გარეშე, საშინელი სისწრაფით უახლოვდებოდათ. კაპიტანმა პირსონმა, რომელიც პლანერის გამოცდილი პილოტიც იყო, გამოიყენა იშვიათი მანევრი — „გვერდითი სრიალი“ (Sideslip), რათა თვითმფრინავს სიჩქარე დაეკლო ძრავების გარეშე. ეს იყო ბეწვის ხიდზე გავლა, სადაც ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

საბოლოოდ, Boeing 767-მა ასაფრენ ზოლს მიაღწია. დაშვება იყო ხისტი, კვამლითა და ნაპერწკლებით სავსე, მაგრამ თვითმფრინავი გაჩერდა ზუსტად იქ, სადაც ხალხი იყო შეკრებილი — არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც Gimli Glider incident. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი უვნებლად გადარჩა.

გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა შოკისმომგვრელი ფაქტი: კატასტროფის მიზეზი არა ტექნიკა, არამედ უბრალო მათემატიკური შეცდომა გახდა. იმ პერიოდში კანადა ძველი საზომი ერთეულებიდან (ფუნტები, გალონები) ახალ, მეტრულ სისტემაზე (კილოგრამები, ლიტრები) გადადიოდა. 1.77-ის ნაცვლად, მათ 0.8-ზე უნდა გადაემრავლებინათ ციფრები. ამ მცირე სხვაობამ კალკულატორზე გამოიწვია ის, რომ თვითმფრინავი ცაში საჭირო საწვავის მხოლოდ 45%-ით აღმოჩნდა. ამასთან ერთად, იმის გამო, რომ თვითმფრინავის საწვავის მაჩვენებელი გაუმართავი იყო, პილოტები სწორედ ამ მექანიკურ, ხელით ნაანგარიშებ ციფრებს ენდობოდნენ, რამაც კატასტროფისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ გახსნა. ეკიპაჟი დარწმუნებული იყო, რომ ავზები სავსე ჰქონდათ, რეალურად კი, მათ მხოლოდ ნახევარი გზის რესურსი გააჩნდათ.

ერთი არასწორი ციფრი კინაღამ 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები