გრიგოლ გეგელია: ჩვენ უარს ვამბობთ ამ ოპოზიციის ალიანსის წევრობაზე

ჩვენ უარი ვთქვით და უარს ვამბობთ ამ ოპოზიციის ალიანსის წევრობაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ლელოს“ აქვს საკუთარი ნიშა, გზა და ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან მკაფიო პრეფერენციები გააჩნია, როგორც ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს წარსულის შეფასებასთან მიმართებაში. აქვს საკუთარი, ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გემოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სურს „ქართული ოცნების“ შეცვლა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათი მიზანია ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ურთიერთ განადგურება.

„ერთია შეცვალო ეს რეჟიმი და მეორე, როგორ შეცვლი მას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმისა, თუ რა ტიპის ტრანზაქცია გვჭირდება ამ ქვეყანაში – მშვიდობიანი, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის ძალაუფლების ცვლილება, რომელსაც თითოეული ქართველი იგრძნობს საკუთარ თავზე. ჩვენ გვჭირდება კატა-თაგვობანას დასრულება, რომელიც 35 წელია მიმდინარეობს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვუყურებთ ამ გაუთავებელ, დაწყევლილ წრეს, რომელმაც დააზიანა ყველა ქართველი და ჩვენი ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს ეს ურთიერთ განადგურების პოლიტიკა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები