მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის – 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს განაცხადის ისტორიულ და რეგიონულ მნიშვნელობაზე გააკეთა.

„საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ არასდროს, არც ერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიიდან არ ყოფილა ამ პოზიციაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსზეა დაფუძნებული.

„კონსენსუსია საჭირო იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის შესახებ. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს საქართველოს კანდიდატურას“, – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად არსებული კრიტიკული გზავნილებისა, საქართველოს კანდიდატურას ამ ეტაპზე მკვეთრი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართო მხარდაჭერის მოპოვებას მნიშვნელოვანი დიპლომატიური მუშაობა უნდა უძღოდეს წინ, ასევე გასათვალისწინებელია არაერთი ქვეყნის ინტერესი.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე დრო რჩება და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან.

„ყველაფერი წინ არის, ჯერ დეკემბრამდე დროა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული მხარდაჭერა ექნება საქართველოს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები