ირაკლი ფავლენიშვილი – ოპოზიციურ გაერთიანებაზე: ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ამ ალიანსში

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ამ ალიანსში“, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

ფავლენიშვილმა ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებულ კონფლიქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გამორჩეული არაფერი მომხდარა, რადგან ამ 9 პოლიტიკურ გაერთიანებას შორის ბევრი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შესაბამისად, იდილიურ გარემოს არავინ ელოდა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ამ ალიანსში იქიდან გამომდინარე, რომ ამ ალიანსის შექმნის მიზეზი და მიზანიც ძალიან ნათელია. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო – მარშზე ერთად ვიკრიბებით, ჩაბმული ვართ საპროტესტო მოძრაობაში, ყოველდღიურად რუსთაველზეც ხშირად გვიწევს შეხვედრა, მათ შორის, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ჩამოდიან ერთად გვხვდებიან. ანუ ბევრი რამ ისედაც საერთო გვაქვს და ამ ერთიანობის პირობებში, ფორმატი როცა არსებობს, სადაც უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, უფრო ხშირად ვსაუბრობთ საერთო სტრატეგიაზე, თუნდაც 26 მაისის აქცია, ან მსგავსი დიდი თარიღების დროს ხდება მომზადება –  თანამშრომლობა ყოველთვის უკეთესია.

მგონი, არავის უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, რომ იდილიური განწყობა იქნებოდა ამ ალიანსში. გვახსოვს წარსულშიც, რომ ამ 9 პოლიტიკური ძალის ლიდერებსა და წევრებს შორის არსებობდა ბევრი აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება. ამ მხრივ გამორჩეული არაფერი მომხდარა. ვგულისხმობ იმას, რომ ვიღაცებს არ ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი იდილიურად იქნებოდა ყოველთვის, მაგრამ მთავარია მომავალში რა მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები