სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, კანონი უკვე ამოქმედებულია.
კანონის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელს სავარაუდოდ ხვალ მოაწერს. მდინარაძე ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დღეს დაამტკიცა. დეპუტატებმა ცვლილება 84 ხმით მიიღეს.