მაკა ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოს ფარგლებში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მზარდ ტენდენციად იქცა.
მინისტრის შეფასებით, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შინაარსი წინასწარ იყო განსაზღვრული.
„ოცდასამმა ქვეყანამ აამოქმედა მოსკოვის მექანიზმი, წინასწარ დაწერილი დასკვნა, სრულიად ფარსი იყო. იყო ექსპერტის ვიზიტი, უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელშიც ჩვენც მივყევით. ყველანაირი შეხვედრა უზრუნველვყავით, რაც კი მათი მხრიდან იყო მოთხოვნილი, თუმცა კარგად ვაცნობიერებდით იმასაც, რომ ამას მინიმალური გავლენა ექნებოდა წინასწარ მომზადებულ, ეგრეთ წოდებულ ანგარიშზე, რომელსაც წარუდგენდნენ ეუთოს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა კვლავ გრძელდება, თუმცა მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მედია-გარემოს შესახებ გავრცელებული შეფასებები არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას.
„მცდელობაა კიდევ ერთხელ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველანაირი ინსტრუმენტი, მაგრამ რთულია თვალში ნაცარი შეაყარო ყველას და ისაუბრო საქართველოში ადამიანის უფლებების გამოგონილ უმძიმეს მდგომარეობაზე. გარშემო ძალიან ბევრ ადგილას მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა სწორედ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და არავინ ხმას არ იღებს ამაზე, და ქვეყანაში, სადაც ამდენი ტელევიზია და ამდენი მედიასაშუალება არსებობს და ამდენნაირი აზრი ტრიალებს მედიაშიც, სოციალურ მედიაშიც და ასე შემდეგ, ამ ქვეყანას ეუბნებოდე რომ თითქოს სიტყვას ზღუდავ და ამ დროს გვერდით გეჯდეს ქვეყანა, სადაც ერთი ტელევიზია მოქმედებს მხოლოდ, და იმას ეუბნებოდე, რომ შენ ხარ დემოკრატიის შუქურა, ასეთი სტანდარტებით ძალიან რთულია რაღაც მიზნებს მიაღწიო“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ამგვარი ქმედებების მიზანი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა და საქართველოს ინტერესების დაზიანებაა.
გადაცემაში „დღის თემა“ მინისტრმა რეგიონულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და შესაძლო რისკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლობას.
„ფრთხილი პოლიტიკის წარმოება გვევალება დღეს იმიტომ, რომ სასწორის ერთ მხარეს დგას ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საფრთხეები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.