მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია – ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.
„ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ მსგავსი მცდელობა ორბანის პრემიერობის პირობებშიც იყო, თუმცა ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა რთულია:
„თქვენ გახსოვთ ალბათ ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ცალკეული აქტორების სურვილისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს.
მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე უნდა მოხდეს.
„ისევ და ისევ ჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში, ამას შანტაჟის ენით ვერაფრით ვერ მოვახერხებთ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ევროკავშირის მიერ დეკლარირებული პრინციპებსა და რიტორიკას შორის არსებულ წინააღმდეგობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ისევ და ისევ ევროკავშირის მისიის განცხადება მიდევს – ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს – და ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ წრეებში“.
მინისტრის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ნებაყოფლობით თანამშრომლობას და დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს.
„არაფერი არ გვაქვს დასაძალებელი, ნებაყოფლობით შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.