სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
33-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ. ანგარიში ასახავს 2025 წლის ოქტომბერი – 2026 წლის მარტის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს. დოკუმენტი აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობას.
ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხს, მათ შორის ბოლო დროის უკანონო ქმედებებს. ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას.
ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერების საკითხი. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას. მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის აქტუალური საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.