“ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარიც არ შეიძლება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი დიალოგის გამართვა არ შეიძლება.

ამის შესახებ მან 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკება საკანონმდებლო დონეზე აკრძალა.

„ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარი ვერც კი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მან საკანონმდებლო დონეზე აკრძალა რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკება“, – თქვა მან.

საუბარია უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის 30 სექტემბრის N679 ბრძანებულებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ შეუძლებელია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, თუმცა დოკუმენტი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.

ლავროვმა ასევე ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გააკრიტიკა.

„როგორც ნაპოლეონმა შეკრა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ჰიტლერმა, შეერთებულმა შტატებმაც შექმნა ევროკავშირისა და ნატოს კოალიცია და უკრაინის დახმარებით, მარიონეტული გზით, რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს“, – თქვა ლავროვმა.

ამასთან, დიპლომატმა თქვა, რომ „ომი ოდესღაც დასრულდება“, მაგრამ არ იცის „როგორ გაგრძელდება ცხოვრება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები