ჩინეთში უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს

ჩინეთის უნივერსიტეტები ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რეფორმას ახორციელებენ, მასშტაბურად ცვლიან აკადემიურ პროგრამებს ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირების მიზნით,- ამის შესახებ ინფორმაციას Southern China Morning Post-i ავრცელებს.

ჩინეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლიდან 2025 წლამდე ქვეყანაში დაახლოებით 12 200 საბაკალავრო პროგრამა დაიხურა ან დროებით შეჩერდა. ამავე პერიოდში უნივერსიტეტებში დაახლოებით 10 200 ახალი პროგრამა გაიხსნა. საერთო ჯამში, ამ ცვლილებებმა ჩინეთის უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების 30%-ზე მეტზე იმოქმედა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ხელოვნებას, უცხო ენებსა და მენეჯმენტს შეეხო. ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვის ფონზე, ეს სფეროები სულ უფრო მეტად გადატვირთულად და ნაკლებად მოთხოვნადად ითვლება.

მედიის თანახმად, შრომის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ რეფორმას დამატებითი ბიძგი მისცა. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ახალგაზრდებში უმუშევრობა 16%-ს აჭარბებს, რაც განათლების სისტემაზე ზეწოლას ზრდის.

გამოთავისუფლებულ ადგილს სტრატეგიული ტექნოლოგიების სექტორებზე ორიენტირებული ახალი სპეციალობები ავსებს. კერძოდ, რიგმა უნივერსიტეტებმა უკვე დაიწყეს პროგრამები ე.წ. „განსახიერებული ინტელექტის“ სფეროში — სფერო, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან რობოტიკაში, მრეწველობასა და საინჟინრო სისტემებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები