ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი „ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძესთან ერთად „ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალში ერთმანეთს ქალაქ ბოლნისის N1 და ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
“დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლნისელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვეს, ასევე, სპეციალურ ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს.
ზამურ ჭითანავამ ლიგის მონაწილე სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს მომავალი თაობების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაში.
„ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში რეგიონის სხვადასხვა სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ,”- წერია ინფორმაციაში.