“ახია საფრანგეთზე – რასაც დასთეს, იმას მოიმკი; სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როდესაც ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან” – პაპუაშვილი

“ახია საფრანგეთზე. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში როდესაც ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.

„საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც თავს უფლებას აძლევს, საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს. ახლა ამ დამოკიდებულებას თუ საკუთარ თავზე გრძნობენ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალონ. ესეც არის ნაწილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა, როდესაც ყველა ყველას საქმეში ერევა. ვეღარ განასხვავებ საქართველოში, ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერი, ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხში სიტყვა ეთქმის ყველას, ელჩს, მოადგილეს, მძღოლსაც კი და არა საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი. ასე რომ, თავად მოარღვიეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივსიცემას გულისხმობს, პატივი არ სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მიიღეს უპატივმცემლობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის გაკვეთილი, რომელზეც, იმედია, რამეს ისწავლიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები