ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო UN Tourism – ის სათაო ოფისში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „აღმოაჩინე საქართველო – ტურისტული და კულტურული პერსპექტივა”, რომელიც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათაო ოფისში გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შეიხა ალ ნუვაისმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, მდიდარ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომ ტურისტულ გამოცდილებებსა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ ტრადიციებს, გასტრონომიასა და ტურისტულ მიმართულებებს.
ღონისძიებას UN Tourism – ის სათაო ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივან შეიხა ალ ნუვაისთან.